ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯაში სპორტული დარბაზის სარემონტო სამუშაოების დასასრულებლად ახალი ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოების საერთო მოცულობამ 63 559 (დღგ-ს გარეშე) შეადგინა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
სპორტული დარბაზის მშენებლობისთვის გარემონტდა სოფელში არსებული ძველი სკოლის შენობის ნაწილი, რომელიც წლების განმავლობაში არ იყო გამოყენებული და სავალალო მდგომარეობაში იყო. 2022 წელს „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში იატაკი გამაგრდა და ფანჯრები გამოიცვალა 16000 ლარად.
სოფელ ორჯაში მერის წარმომადგენლის თქმით, სპორტული დარბაზის მშენებლობის დასასრულებლად ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო.
„გარკვეული სამუშაოები ჩატარდა, ახლა ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხაა გამოყოფილი, ველოდებით ელექტრონული ტენდერის დასრულებას. ბევრი სამუშაოა, ალბათ, სახურავს გამოვცვლით, აუცილებელია კედლებზე მოსაპირკეთებელი სამუშაოების ჩატარება, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი როგორც შენობის შიგნით, ისე მის გარეთ“, – ამბობს რობერტ არევიანი.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ თანხაში არ შედის სპორტული დარბაზისთვის სპორტული ინვენტარის შეძენა.
სპორტული დარბაზის რემონტისთვის თავდაპირველად 50 000 ლარი გამოიყო, შემდეგ აგვისტოში ახალქალაქის საკრებულომ სოფელ ორჯაში სპორტული დარბაზის ასაშენებლად კიდევ 25 000 ლარი გამოყო.