შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2023 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 89%, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.6 პროცენტული პუნქტით აღემატება. ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა საქალაქო დასახლებაში, ხოლო 1.0 პროცენტული პუნქტით სოფლად და შესაბამისად, 93.1 და 83.4%შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის ა.რ.-სა და თბილისში დაფიქსირდა და შესაბამისად, 96.2 და 94.2% შეადგინა.
კვლევას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 82.7%-მა, რაც 2.8 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 87.7%-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 74.7%-ით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 83%-ს, ხოლო კაცების შემთხვევაში 82.3%-ს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 98.1%-ს შეადგენს.
15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 93% ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 6.4%- კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 0.6% კი – უფრო იშვიათად.