ჩვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროოპტიმისტებმა“ დღეს დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის საინვესტიციო და დროებითი ბინადრობის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს გარკვეული ვადით, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძე აცხადებს, რომ ქართული კანონმდებლობა უკიდურესად ლიბერალურია და მაშინ, როცა რუსეთის მოქალაქეები აქტიურად იძენენ ქონებას და იღებენ ბინადრობის უფლებას, მორატორიუმის გამოცხადება აუცილებელია.
„ქართული კანონმდებლობა უკიდურესად ლიბერალურია ამ კუთხით. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მოქალაქე 300 000 დოლარის ექვივალენტ ინვესტიციას ჩადებს ქვეყანაში ან იყიდის ამ ღირებულების უძრავ ქონებას, მას საინვესტიციო ბინადრობის უფლება ენიჭება და 5 წელი შეუძლია ქვეყანაში ცხოვრება, ხოლო 5 წლის შემდეგ შეუძლია მოითხოვოს მუდმივი ბინადრობის უფლება. ხოლო 100 ათასის ღირებულების უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში, უფლება აქვს მოკლევადიანი ბინადრობის უფლება მიიღოს. ჩვენ ვაცხადებთ მორატოროუმს კანონის ამ მუხლებზე. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის ბევრმა სახელმწიფომ და მიგვაჩნია, რომ ეს აუცილებელია დღეს შექმნილ ვითარებაში, როცა ქვეყანაში რუსეთის ათეულ ათასობით მოქალაქე იძენს ყველა სახის უძრავ ქონებას და მუდმივად ცხოვრების უფლება მარტივდება,”- განაცხადა გოცირიძემ.
აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფის კიდევ ერთი წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, დროებითი მორატორიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსული სპეცსამსახურების საქართველოში ინფლიტრაციის ფონზე.
„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვართ ინვესტიციების წინააღმდეგ, მაგრამ სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, მაშინ, როცა რუსული სპეცსამსახურების ინფლიტრაცია საქართველოში ძალიან მაღალია და ქონების შესყიდვა შეიძლება კრემლმა აქტიურად გამოიყენოს. ამიტომ დროებითი მორატორიუმი არის კიდევ ერთი გამოსავალი. ხელისუფლება აპელირებს ხოლმე მოგონილ პოპულიზმზე, მაგრამ მსგავსი მორატორიუმი გადაწყვეტდა ბევრ პრობლემას,“ – განაცხადა დეკანოიძემ.