რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხის განხილვა დაიწყება, რომელიც 2019 წელს შეწყდა.
”ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით ორ ქვეყანას (საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას) შორის პირდაპირი ფრენების განახლების საკითხის კონკრეტულ განხილვას”, – განუცხადა აბაშიძემ “ტასს” ხუთშაბათს.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, სექტემბერში ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინთან ონლაინ შეხვედრის გამართვას გეგმავს. ამავე დროს, აბაშიძემ არ დააკონკრეტა, შევა თუ არა საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხი სექტემბრის შეხვედრის დღის წესრიგში.
რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვები. იმავე თარიღიდან ძალაში შევიდა რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიაკომპანიების ფრენების შეჩერების შესახებ. რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც იმავე წლის 20 ივნისს, რამდენიმე ათასმა ადამიანმა მოაწყო ანტირუსული აქცია თბილისში პარლამენტის შენობის მახლობლად. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა, როგორც მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე. ასამბლეას საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა.