2023 წლის 6 აგვისტოდან საპენსიო აქტივების ინვესტირების წესები შეიცვალა. საპენსიო სქემაში ჩართულ მოქალაქეებს უკვე თავად უწევთ არჩევანის გაკეთება, სამი (მზარდ, შერეულ და სტაბილურ) საინვესტიციო პორტფელიდან რომელში დააბანდონ საკუთარი დანაზოგები.
როგორც საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ დღეს გამართულ შეხვედრაზე განმარტა, საინვესტიციო პორტფელის შეცვლის პროცესში 5 000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
„ხალხი ამ პროცესში საკმარისად არის ჩართული. დაახლოებით 5 000-მა ადამიანმა მოგვმართა პორტფელის არჩევისთვის, საიდანაც ძირითადი მომართვიანობა, მისი 70% იუსტიციის სახლზე მოდის, 20% ონლაინ, ხოლო 10% სააგენტოს ოფისზე.
მართალია, როდესაც 1 400 000 ანგარიში არსებობს, 5 ათასი მაღალი რიცხვი არ არის, თუმცა ესეც კარგია“, – აღნიშნავს მელიქიძე.
საინვესტიციო პორტფელის შესაცვლელად ვადა 6 სექტემბერს იწურება, მას შემდეგ კი არჩევანის გაკეთება 12 თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი.
„საინვესტიციო სამსახურში არის გარკვეული დრო, რის მერეც მონაწილის მიერ ცვლილების გადაწყვეტილება მის პორტფელზე უნდა აისახოს – ეს ერთ ღამეში არ ხდება. ჩვენი ვადებით, ეს პერიოდი, დაახლოებით, 40 დღეა. 12 თვიანი შუალედი არჩევანს შორის იმიტომ არის, რომ მონაწილის გადაწყვეტილების ასახვა უნდა მოხდეს, ასევე ამ 12 თვის მანძილზე მის გადაწყვეტილებაზე დაკვირვებაც მნიშვნელოვანია. ასე მუშაობს მსოფლიოს ნებისმიერი საპენსიო ფონდი და აქტივის მმართველი დაწესებულება“, – აცხადებს მელიქიძე.