გაზრდილი მიგრაცია და აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები – 2023 წლის ექვს თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 6%-თაა გაზრდილი.
საქართველოში 2023 წლის 12 ივლისის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 10 104 შემთხვევა. 2023 წელს გამოვლინდა 325 ახალი შემთხვევა.
რუსეთიდან საქართველოში ადამიანების მასობრივი შემოსვლის ფონზე, მედიკოსები ამბობენ, რომ გასათვალისწინებელია ფაქტი, რომ ოკუპანტ ქვეყანაში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება ძალიან მაღალია.
“რუსეთში შიდსის აივ ინფექციის მქონეთა რაოდენობა აღემატება მთელ დანარჩენ ევროპაში ინფიცირებულთა რაოდენობას. სახელმწიფომ რაღაც უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ პრევენცია მოხდეს გავრცელების. ზოგადად, მიგრანტები ითვლება მაღალი რისკის ჯგუფად, ყველა ქვეყანა ამას აღიარებს. მინიმუმ, აუცილებლად შეთავაზებულ იქნას აივ-ზე ტესტირება, მოსახლეობის მხრიდან ის, რომ დაუცველი სქესობრივი კონტაქტებისგან თავი შეიკავონ, აქ რა თქმა უნდა ეთნიკურ კუთვნილებაზე ზედმეტია ლაპარაკი, ზოგადი მოწოდებაა, მაგრამ განსაკუთრებით ახსოვდეთ, რომ დღეს ეს რისკი კიდევ უფრო გაზრდილია”, – ამბობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.