სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დააკავეს კაცი, რომელმაც მეგობარი ქალის შიშველი ფოტოები მის ახლობელს გაუგზავნა. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ბრალდებული, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, საქართველოში ყოფნისას ქართველი ქალი გაიცნო, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანაცხოვრობდა:
„ისინი ერთმანეთს პერიოდულად სოციალური ქსელებითა და სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების საშუალებით ეკონტაქტებოდნენ, რა დროსაც ბრალდებული შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს სურათებს ფარულად უღებდა და ე. წ “სქრინებს” კუთვნილ მობილურ ტელეფონში ინახავდა. დაზარალებულთან ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, ბრალდებულმა უკანონოდ მოპოვებული სურათებით ვიდეოკოლაჟი დაამზადა და იგი დაზარალებული ქალის ახლობლებს გადაუგზავნა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულის მომართვის შემდეგ, მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ჩაატარა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული მ.ა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით წარუდგინა“ – ვკითხულობთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.