უკრაინა და კიდევ 34 ქვეყანა მზად არიან, ბოიკოტი გამოუცხადონ პარიზის ოლიმპიადას, თუ იქ რუს და ბელარუს სპორტსმენებს დაუშვებენ. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა.
უფრო ადრე უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ვადიმ გუტცაიტმა განაცხადა, რომ უკრაინელი სპორტსმენები მიიღებენ 2024 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობას იმ შემთხვევაშიც, თუ იქ რუს და ბელარუს სპორტსმენებს დაუშვებენ, ოღონდ ნეიტრალური სტატუსით.
„უკრაინის პოზიცია მყარია. ჩამოყალიბდა მძლავრი საერთაშორისო კოალიცია პატიოსანი სპორტისთვის, რომელშიც 35 სახელმწიფო შედის. ჩვენ ერთად მზად ვართ, ბოიკოტი გამოვუცხადოთ პარიზის ოლიმპიურ თამაშებს, თუ რუსეთსა და ბელარუსს დაუშვებენ იქ მონაწილეობის მისაღებად. ველოდებით, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩამოაშორებს მათ ოლიმპიადას“, – დაწერა შმიგალმა სოციალურ ქსელში.
ცნობილია, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ჯერ არ გამოუცხადებია გადაწყვეტილება ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვების თაობაზე. ეს ოქტომბერზე ადრე არ მოხდება.