„როიტერის“ ცნობით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დეკემბრის შემდეგ პირველად ჩაიტანა ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარება.
როგორც სააგენტო წერს, დახმარება ყარაბაღში ერთდროულად ორი გზით ჩაიტანეს – სომხეთიდან ე.წ. ლაჩინის დერეფნით და აზერბაიჯანიდან აღდამის გავლით.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, ყარაბაღში ჩაიტანეს ფქვილი და პირველადი საჭიროების მედიკამენტები.
ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანული მედიაც. მათი ცნობით, ყარაბაღში ჩავიდა ერთი სატვირთო და ორი მსუბუქი ავტომობილი, რომლებსაც ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდა.
სომხეთი, უკვე რამდენიმე თვეა, აზერბაიჯანს ყარაბაღის ბლოკადაში ადანაშაულებს. ერევანში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი აფერხებს ე.წ. ლაჩინის გზით სომხეთიდან ყარაბაღში ტვირთების გატარებას, რაც რეგიონში ჰუმანატარული სიტუაციის სერიზულ გაურესებას იწვევს. მათივე ცნობით, ყარაბაღის მოსახლეობა საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტს განიცდის. აზერბაიჯანს ე.წ. ლაჩინის გზის გახსნისკენ მოუწოდეს გაერო-მ, აშშ-მა და ევროკავშირმა.
თავის მხრივ, ბაქოში ამ ბრალდებას უარყოფენ. აზერბაიჯანში ამტკიცებენ, რომ ჯერ კიდევ პირველ სექტემბერს შედგა შეთანხმება, რომ ე.წ. ლაჩინის დერეფნით ჰუმანიტარული ტვირთის ყარაბაღში მიწოდება აღდგებოდა და პარალელურად გაიხსნებოდა ე.წ. აღდამის გზა, რომლითაც ყარაბაღში ჰუმანიტარულ დახმარებას აზერბაიჯანიდან ჩაიტანდნენ. ბაქო ამ შეთანხმების შესრულების გაჭიანურებაში ყარაბაღელ სეპარატისტებს ადანაშაულებს.
ამასთან, 17 სექტემბერს სომხურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ არაღიარებული რესპუბლიკის მმართველები დათანხმდნენ ჰუმანიტარული დახმარების ყარაბაღში ჩასატანად ე.წ. ლაჩინის გზისა და აღდამის გზის ერთდროულად გახსნას. თუმცა დღეს სომხურ მედიაში ვრცელდება არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენელთა კომენტარები, რომ გზები არ გახსნილა და საუბარია მხოლოდ რამდენიმე სატვირთო მანქანის გატარებაზე, რაც, მათივე თქმით, რეგიონში ჰუმანიტარული მდგომარეობის უკიდურესი გაუარესების გამო მოხდა.