ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდასა და ვაჩიანის მცხოვრებლები რძის დაბალ ფასს უჩივიან, მაგრამ მაინც ყიდიან გადამამუშავებელ ქარხნებში, რადგან მიაჩნიათ, რომ სხვა ვარიანტი არ აქვთ. ყველის მწარმოებლები, თავის მხრივ, ჩივიან, რომ ყველი გაიაფდა და არც იყიდება, აქედან გამომდინარე, იძულებულნი არიან რძე იყიდონ დაბალ ფასებში.
სოფელ სულდას მცხოვრებლები თანაბრად არიან დაკავებული სოფლის მეურნეობითა და მეცხოველეობით. მოსახლეობის უმეტესობას სამზე მეტი ძროხა ჰყავს. მოსახლეობა რძეს ძირითადად ყველის მწარმოებლებს ყიდის. მაგრამ მოსახლეობა არ არის კმაყოფილი იმ ფასით, რომლითაც ისინი აბარებენ.
„ლიტრს 1 ლარად ვყიდულობთ, ვაბარებთ, სხვა ვარიანტი არ არის. ფულს ვიღებთ სხვა ხარჯების დასაფარად. ყველიც არ იყიდება, ბარტერით ვაბარებთ 1 კგ-ს 5 ლარად. 5 ძროხა მყავს, არ არის მომგებიანი ამ ფასში ჩაბარება, მაგრამ რა ვქნა, სხვა ვარიანტიც არ არის. თივას ვყიდით, წელს თივაც იაფია, ჩვენთვის არც ეს არის მომგებიანი, 1 ტუკი 5 ლარი ღირს“, – ამბობს სოფელ სულდას მცხოვრები.
ზამთარში ყველის მწარმოებლები რძის კილოგრამს 1,60-1,80 ლარად ყიდულობდნენ. ზაფხულში დაბალ ფასს სთავაზობენ, იმის არგუმენტაციით, რომ ყველი გაიაფდა და არ იყიდება.
სოფელ სულდას კიდევ ერთი მცხოვრები ამბობს, რომ ზაფხულში ყველის მომზადების დრო არ აქვთ, მინდორში მუშაობენ. მისი თქმით, სეზონზე მწყემსს ერთ ძროხაში 125 ლარს უხდიან.
„ბევრი სამუშაოა, ახლა თიბვით არიან დაკავებულნი. ხუთი ძროხა მყავს, უფრო მოსახერხებელია რძის ჩაბარება, დრო არ გვაქვს ყველის გასაკეთებლად, თუმცა ვერ ვიგებთ რა გავაკეთოთ, რადგან არ არის მომგებიანი არც ჩაბარება და არც რძით ყველის წარმოება“, – ამბობს სოფელ სულდას კიდევ ერთი მცხოვრები.
რძის პროდუქტების ზოგიერთმა მწარმოებელმა სოფლის მოსახლეობას რძის ყიდვა გაზაფხულზე გარკვეული დროით შეუწყვიტა, ამბობდა, რომ ყველი დარჩათ, არ იყიდებოდა. შემდეგ განაახლეს შესყიდვა, მაგრამ ფასი თავიდან 1,40 ლარამდე შემცირდა, შემდეგ კი 1 ლარამდე.
სოფელ ვაჩიანის მცხოვრებს ლუბა ალეკიანს 4 ძროხა ჰყავს, მისი თქმით, რძეს ძალიან იაფად ყიდის, მაგრამ ამავდროულად შეშფოთებულია, რადგან გაიგო, რომ მყიდველმა რძის ყიდვის შეწყვეტა გადაწყვიტა.
„ყველის გაკეთება რთულია, ცეცხლი უნდა დაანთო, დროზე უნდა გააკეთო, რადგან რძე შეიძლება დამჟავდეს. მაგალითად, დღეს ყველი არ გამომივიდა, ბევრი სამუშაო მქონდა, საქმე რძემდე სანამ მივიდა, უკვე დამჟავებული იყო. რძის ჩაბარება უფრო ადვილი და მოსახერხებელია. სოფელში გვაქვს ქარხანა, მაგრამ სხვა სოფლებიდანაც ჩამოდიან საყიდლად. მაგრამ ამბობენ, რომ ჩვენი სოფლის მწარმოებელი აღარ იყიდის, ამბობს, ყველი არ იყიდებაო“, – ამბობს ვაჩიანიდან ლუბა ალეკიანი.