ჩვენ მკაფიო გზავნილს გავუგზავნით უკრაინას, რომ ნატო მათ გვერდით დგას, ვიდრე ეს საჭიროა. ასევე, ჩვენ ერთიანები ვართ პოზიტიურ გზავნილზე უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე ჯო ბაიდენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული სამიტი უკვე ისტორიულია, რადგან შეთანხმება, რომელსაც გუშინ მოკავშირეებმა მიაღწიეს, შვედეთს ნატო-ს სრულუფლებიან წევრად აქცევს.
„მოგესალმებით ნატო-ს სამიტზე. დიდი მადლობა თქვენი მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომ ეს ალიანსი იყოს ერთიანი და უფრო ძლიერი. ეს სამიტი უკვე არის ისტორიული, რადგან შეთანხმება, რომელსაც გუშინ მივაღწიეთ, შვედეთს ნატო-ს სრულუფლებიან წევრად აქცევს. ეს კი გაზრდის ჩვენი ალიანსის შესაძლებლობას, დაიცვას ყველა მოკავშირე ქვეყანა. ამ შეხვედრაზე ჩვენ მკაფიო გზავნილს გავუგზავნით უკრაინას, რომ ნატო მათ გვერდით დგას, ვიდრე ეს საჭიროა და ასევე, ჩვენ ერთიანები ვართ პოზიტიურ გზავნილზე უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი მთავარი გზავნილი ამ სამიტზე იქნება ის, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიციის დაბანდება თავდაცვაში. ჩვენ დავდებთ პირობას, რომ თავდაცვის ხარჯებისთვის ქვეყნების მიერ მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტის გამოყოფა მინიმალური მოთხოვნა იქნება. კარგი ახალი ამბავი გახლავთ ის, რომ ევროპელები და კანადა უკვე დგამენ ნაბიჯებს ამ თვალსაზრისით. ახალი მონაცემებით, მათ სამხედრო ბიუჯეტის ხარჯები 8.3 პროცენტით გაზარდეს. ეს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია და აჩვენებს, რომ მოკავშირეები აღებულ პირობას ასრულებენ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.