ბოლო 6 თვის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკა მძიმე სტრესს და რყევებს განიცდიდა. რუსეთ- უკრაინის ომის გამო სამივე ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.
ომის პირველი ექვსი თვე კატასტროფა და ტრაგედია აღმოჩნდა, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ თავად რუსეთისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. შეუძლებელია ომს გავლენა არ მოეხდინა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე, ამ ტრიოს თითოეულ ქვეყანას თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური ვექტორი აქვს, მაგრამ ერთი რამ საერთოა ამ ქვეყნებისთვის – ყველა მათგანი, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, არის რუსეთის მხრიდან ყურადღებისა და ზეგავლენის არეალში, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით. რონდელის ფონდის ეკონომისტის, პოლიტოლოგის, ლადო პაპავას თქმით, დამოკიდებულების შესახებ ცალსახად საუბარი შეუძლებელია, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის დამოკიდებულებაზეა საუბარი.
„რა იგულისხმება, ენერგორესურსებში, ხორბალში, მარცვლეულში – საკვები რესურსები, ანუ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. ენერგეტიკული თვალსაზრისით აზერბაიჯანი საერთოდ არ არის დამოკიდებული რუსეთზე. იმიტომ რომ აზერბაიჯანს თავისი ენერგორესურსები აქვს. სომხეთის ეკონომიკა ჯერ კიდევ ყველა ამ მოვლენის დაწყებამდე პრაქტიკულად რუსულმა კომპანიებმა შეიძინეს, სომხეთში დიდ ობიექტებს რუსი მსხვილი მეწარმეები აკონტროლებენ, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, მარცვლეულის და ხორბლის იმპორტი რუსეთიდან, შესაბამისად, დამოკიდებულებაზე საუბრისას, თითოეულ ქვეყანას თავისი პრობლემა აქვს და ამ ქვეყნების მახასიათებლებიდან გამომდინარე, ზოგადად დამოკიდებულებაზე საუბარი შეუძლებელია“, – ამბობს ის.
GSAC-ის პოლიტოლოგის გელა ვასაძის აზრით, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ფინანსების მქონე ადამიანების დიდი რაოდენობა ჩავიდა, რამაც ხელი შეუწყო ეროვნული ვალუტების გამყარებას.
„დამოკიდებულებას რაც შეეხება, თუ დარგობრივი თვალსაზრისით შევხედავთ, ცხადია, სომხეთს, რადგან სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია, რუსული ბაზარი კვლავაც არის მთავარი და პრიორიტეტული, ფუნდამენტურად ახალი არაფერია. მაშინ, როცა საქართველოსა და აზერბაიჯანს ძირითადი გაყიდვების ბაზარი, ასეა თუ ისე, ევროკავშირია, რადგან საქართველო და აზერბაიჯანი მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქტს გზავნიან რუსეთში, დანარჩენი ნედლეული და ა.შ დასავლეთით ევროკავშირში იგზავნება. აზერბაიჯანი – ნავთობი, გაზი, საქართველოს – ფეროშენადნობები, მანგანუმი. რეალურად ვინც იცნობს საქართველოს ეკონომიკას, ის ფიქრობს, რომ ჩვენთვის მთავარი ღვინო და ტურიზმია… ყველას ვურჩევ, სტატისტიკას გადახედონ, ძალიან გაგიკვირდებათ, საქართველო ნედლეულის ისეთივე ქვეყანაა, როგორც ყველა სხვა“, – ამბობს ის.
გელა ვასაძე აღნიშნავს, რომ ჯერ არ იგრძნობა, რომ ამ ქვეყნებისთვის რუსულ ბაზარზე მოთხოვნა იკლებს.
„სხვა საქმეა, რომ ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთის ბაზარი ჯერ არ არის მკვეთრად შემცირებული, მაგრამ გააგრძელებს შემცირებას. სომხეთში და აზერბაიჯანში ესმით ეს დანამდვილებით. არ ვიცი, ესმის თუ არა საქართველოში. ისევ ხელისუფლების წარმომადგენლებთან არის დაკავშირებული“, – ამბობს გელა ვასაძე.
ბოლო 6 თვის განმავლობაში ექსპერტებს გლობალური ეკონომიკის დადებითი პროგნოზები არ ჰქონიათ. მათი თქმით, სიტუაცია, რომელიც შეიქმნა უკრაინის ომისა და რუსეთის მიმართ შემდგომი სანქციების გამო, გავლენას მოახდენს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკაზე და დროთა განმავლობაში ეს კიდევ უფრო აისახება ადგილობრივ ეკონომიკაზე.