იშვიათ იღბლიანებს შეუძლიათ საზღვარგარეთ განათლების უფასოდ მიღება. FLEX-ის პროგრამა აშშ-ში სწავლისა და ცხოვრების საშუალებას იძლევა. მთელ მსოფლიოში ამ შესაძლებლობაზე ბევრი მოსწავლე ოცნებობს. არიან ადამიანები, რომლებსაც ამ შესაძლებლობის ეშინიათ, რადგან ერთი წელი ახლობლებისგან შორს, ახალ ქვეყანაში, სხვა მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან უწევთ ცხოვრება. ლიკა მანასიანი ერთ-ერთი “იღბლიანია”. რა შეიცვალა მის ცხოვრებაში აშშ-ში თითქმის ერთი წლის განმავლობაში ცხოვრების შემდეგ, რა არის იქ განსხვავებული?

პირველი შთაბეჭდილება

არ მჯეროდა, რომ ჩემი ოცნება ასრულდა და მე ამერიკაში ვიყავი. არც კი ვიცი, როგორ ავხსნა. აღფრთოვანეული ვიყავი და ისე ველოდებოდი ამ დღეს, რომ ყველაფერი სხვაგვარად მეჩვენებოდა.

ინგლისურის ცოდნა

აშშ-ში როგორც კი ჩავედი, ვიყავი პორტლენდში, მენის შტატში ენის ორკვირიან კურსზე, ინგლისურის გასაუმჯობესებლად. თავდაპირველად ძალიან რთული იყო. ცუდად ვლაპარაკობდი ინგლისურად, თუმცა ვიცოდი გრამატიკა და ვკითხულობდი. მყავდა კარგი მასწავლებლები, ძალიან კარგები იყვნენ და ყველაფერში მეხმარებოდნენ. იქ შევეჩვიე ენას.

Host family

“ჩემი ამერიკული ოჯახი”

ჩემმა ამერიკულმა ოჯახმა ძალიან თბილად მიმიღო. მათი ოჯახის წევრად ვგრძნობდი თავს.  ვცხოვრობდი მინესოტის შტატში, რომლის დედაქალაქია სენტ-პოლი. ოჯახი ორი წევრისგან შედგებოდა: მამა და დედა. მე ჩემი ცალკე ოთახი მქონდა. სხვა სტიპენდიატების მიღება მათ არ უნდოდათ. მარტო მე ვიყავი. დედა ინგლისურის მასწავლებელი იყო, მამა- პროგრამისტი. ისინი ყველაფერში მეხმარებოდნენ, სკოლასთან დაკავშირებით რჩევებს მაძლევდნენ.

Lika5

სკოლა

სკოლა სახლიდან 10 მეტრში მდებარეობდა. ხელოვნების სკოლაში აკადემიური გაკვეთილები და ცეკვის რეპეტიციები ტარდებოდა. იქ შესაძლებელი იყო 4 სხვადასხვა მიმართულების არჩევა, თეატრი, ცეკვა, სიმღერა და ხელოვნება. მე ცეკვა ავირჩიე, რადგან, აქ, ქართულ ცეკვებს ვსწავლობდი და, როდესაც ჩემმა მასპინძელმა ოჯახმა გაიგო, რომ მე ვცეკვავ, ამ სკოლაში მიმიყვანეს. ეს ჩემთვის სიახლე იყო. ეს არ იყო ისეთი სკოლა, როგორც საქართველოში. მე 5 სახის ცეკვას ვსწავლობდი: აფრიკული ცეკვები, ბალეტი, Jazz-ი (ჯაზური ცეკვები), Tap dance (ჩიჩოტკა), modern dance (თანამედროვე ცეკვები).

განსხვავება კიდევ იმაშია, რომ გაკვეთილების დროს ჩვენ ძალიან თავისუფლად ვიყავით. მასწავლებლები არ უყვიროდნენ მოსწავლეებს, რომ მაგალითად მოიშორე ტელეფონი. არ ეუბნებოდნენ, რატომ სხედხართ ყურსასმენებით. ისინი ძალიან ყურადღებიანები არიან, მაგრამ ამასთანავე თავისუფლებას გვაძლევდნენ. ისინი გაგებინებენ, რომ ეს გაკვეთილი პირველ რიგში შენთვის არის მნიშვნლოვანი და არა მათთვის. თუ არ უსმენ გაკვეთილს, მაშინ ეს შენ არ გჭირდება. ისინი არ ყვირიან, არ ნერვიულობენ. თუ გაქვს შეკითხვები, ძალიან ყურადღებიანები არიან, შეუძლიათ ცალკე დრო დაგითმონ. შენ ვერ გრძნობ, რომ ესენი მასწავლებლები არიან, მოტივირებული ხარ. ისინი მეგობრულები არიან და გეხმარებიან.

Lika 3

რა საგნებს გადიოდით სკოლაში?

ჩემს სკოლაში ყველა საგანი ისწავლებოდა, მაგრამ სკოლა მოსწავლეს არჩევანის უფლებას აძლევდა, რომელი საგნის სწავლაც უნდა, ის აერჩია. FLEX-ის პროგრამის მოსწავლეების უმეტესობა 10-11 კლასში იყვნენ. მე ვიყავი მე-12 კლასში და ავირჩიე ის საგნები, რომლებიც მინდოდა. მაგალითად ავირჩიე US government (აშშ-ს ხელისუფლება), ინგლისური, ალგებრა, ესპანური, ბიოლოგია. შემეძლო ფიზიკისა და ქიმიის არჩევაც, მაგრამ ეს არ გავაკეთე, რადგან ვფიქრობ, რომ ეს საგნები არ გამომადგება. ესპანური არ ვიცოდი, ამიტომ ეს ჩემთვის საინტერესო იყო, აღფრთოვანებული ვიყავი, რომ ცეკვების გარდა, რამე ახალის გაკეთება შემეძლო.

Lika4

ამერიკელი თანატოლები

ყველასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა. ურთიერთობამ ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ისინი არ გამოყოფდნენ თავისიანებს და უცხოებს. პირიქით, უკეთესად მექცეოდნენ. როდესაც იგებდნენ, რომ საქართველოდან ვიყავი, დიდ ინტერესს იჩენდნენ და ბევრ კითხვას მისვამდნენ. გაცნობის სურვილს გამოხატავდნენ, ინტერესდებოდნენ ჩვენი კულტურით. საქართველოს შესახებ ბევრმა არ იცოდა. მათ ეგონათ, რომ Georgia-ს შტატიდან ვიყავი. მე ვაკეთებდი პრეზენტაციებს და ბევრი ინტერესდებოდა საქართველოთი, ამბობდნენ, რომ უნდოდათ ნახვა. მათ ისიც გაუკვირდათ, რომ საქართველოდან ვიყავი, მაგრამ არა ქართველი. მე ვუყვებოდი, როგორც ქართულ, ისე, სომხურ კულტურაზე, ჩემს განსაკუთრებულ რეგიონზე. მაგრამ უფრო მეტად, რა თქმა უნდა საქართველოზე.

Lika 2

Lika 1

 

სკოლის გარდა რით ვიყავი დაკავებული

იქ ბევრი რამით ვიყავი დაკავებული. Boys and girls Club (ბიჭებისა და გოგოების კლუბში) დავდიოდი, სადაც მოხალისე ვიყავი, ურთიერთობა მქონდა ახალგაზრდებთან. იქ სხვა კლუბებიც არის: კალათბურთის, ფრენბურთის, ამერიკული ფეხბურთის. სხვადასხვა რამ მოვსინჯე. თავისუფალი დრო არ მქონდა. თავისუფალი იყო შაბათი და კვირა, რომელსაც ოჯახთან ერთად ვატარებდი, ისინი ძალიან აქტიურები იყვნენ. მათ ჩემთვის არაორდინალურ ადგილებში დავყავდი, რის გაკეთებაც აქ არ შემეძლო. მათთან ერთად ტყეში დავდიოდი, მგლების სანახავად დავდიოდით, ნამდვილი მგლების. დავდიოდით ციგურებზე სასრიალოდ, ბილიარდის სათამაშოდ, რაც ჩვენთან შეუძლებელია.

შთაბეჭდილებები

იქამდე ვიყავი რუსეთში, მაგრამ ამერიკა სულ სხვა შთაბეჭდილებაა. პირველ რიგში, გაოცებული ვიყავი ხალხის მეგობრული და გულღია ურთიერთობით. როდესაც არ გიცნობენ, მაშინაც კი შეუძლიათ ქუჩაში გავლისას მოგესალმონ და მოგიკითხონ. მათ სხვა კულტურა აქვთ. ისინი სხვანაირად აზროვნებენ, უფრო თავისუფლად. თუ თქვი “დიახ” ან “არა”, ისინი დაჟინებით არ მოგთხოვენ რამეს. შენს აზრს პატივს სცემენ, მიუხედავად შენი ასაკისა. შენი აზრი მნიშვნელოვანია. მე ბოსტონში ვიყავი. ესსეების კონკურსში გავიმარჯვე, სადაც FLEX -ის თითქმის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა — 800-დან 200 ადამიანი. მე ვაშინგტონში მოვხვდი. იქ ერთი კვირა ვიყავი, ბევრი ღირსშესანიშნაობა ვნახეთ. დედაქალაქში სენატორებს ვხვდებოდით. იქ ლიდერობას გვასწავლიდნენ, რათა სახლში დაბრუნებულმა შეძლო რაიმეს შეცვლა.

IMG_5407

რა შეიცვალა ჩემში

მინდა, რომ ყველა გოგომ მიიღოს განათლება, აუცილებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გოგონებმა ისწავლონ, ჰქონდეთ საკუთარი პროფესია, შემოსავალი. გოგონები სკოლის დამთავრებისთანავე არ უნდა თხოვდენბოდნენ, როდესაც ცხოვრებაში არაფერი უნახავთ. მინდა, რომ მსოფლმხედველობა შეიცვალოს. რომ ჩვენთან ბევრი გასართობი ადგილი იყოს, მარტო ქალაქის ბაღი არა, სადაც გოგონებს არ შეუძლიათ სიარული. აშშ-ში ჩასვლამდე ვიყავი, როგორც ნებისმიერ ახალქალაქელი გოგო, მაგრამ მესმოდა, რომ ეს არ იყო სწორი. აშშ-ში მე ყველა სიახლისთვის გახსნილი ვიყავი, რადგან არ მიმაჩნდა, რომ  ბილიარდის თამაში სირცხვილია, მეგობრებთან ერთად კონეცრტზე სიარული სირცხვილია, მაგრამ მეშინოდა, რას იტყვიან ესა თუ ის რომ გავაკეთო. აქ, მე ამაზე ვფიქრობ. მსოფლმხედველობა იქ 360 გრადუსით იცვლება.

ოცნება

ვოცნებობ განათლება აშშ-ში მივიღო, გავხდე მნიშვნელოვანი ადამიანი და მიკროფონით ვისაუბრო. ადრე მინდოდა გავმხდარიყავი თარჯიმანი. ახლა უკვე 4-5 ენა ვიცი, ამიტომ ეს პროფესია აღარ მაინტერესებს. ჯერ ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი მომავალი პროფესია, გავხდები, ან იურისტი, ან საკუთარი ბიზნესი მექნება, ან დიპლომატი ვიქნები, საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარებ. იმისთვის, რომ საქართველოში რამეს მიაღწიო, უნდა იცოდე სახელმწიფო ენა. ამიტომ მე გადავწყვიტე უმაღლესი განათლება მივიღო თბილისში.