წელს არანაირად არ არის რაღაც განსაკუთრებულად გველების რაოდენობა გაზრდილი – უბრალოდ, თითქმის ყველა დაჭერილი გველი სოციალურ ქსელში ხვდება და ეს ქმნის მერე აჟიოტაჟს, თითქოს, წელს განსაკუთრებულად ბევრი გველი გვხვდება, – ამის შესახებ ჰერპეტოლოგმა, რატი მამუკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეწარმავალთან შეხვედრის დროს, მას ხელით დაჭერა არ დავუპიროთ, რადგან სტატისტიკურად დაკბენის ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.
„მოსახლეობაში არის ხოლმე განმტკიცებული, რომ „გველების შემოსევა გვაქვს“, „გველები წელს რაღაც მომრავლდნენ“ და ა.შ. – შეიძლება ითქვას, ამ პიკმა უკვე გაიარა. ისევე, როგორც წინა წლები, სტატისტიკურადაც და ისედაც, სრულიად ჩვეულებრივი წელია. არანაირად არ არის რაღაც განსაკუთრებულად გველების რაოდენობა გაზრდილი. უბრალოდ, თითქმის ყველა დაჭერილი გველი ხვდება სოციალურ ქსელში და ეს ქმნის მერე აჟიოტაჟს, იმ ფონს, თითქოს, წელს არის განსაკუთრებული წელი, გვხვდება ბევრი და ა.შ.
გიურზა, ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც შეხვდა მოსახლეობას და მოხდა მათი დაჭერის ფაქტები. არის გიურზა, ცხოვრობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პანიკაში უნდა ჩავარდეთ, პირიქით. ისევე, როგორც ყველა სხვა გველი, მათ შორის, გიურზაც არ არის აგრესიული. ადამიანთან შეხვედრას ძალიან ერიდება. თუ არ მოხდა მისთვის შემთხვევით ფეხის დაბიჯება, ან ისეთ გამოუვალ სიტუაციაში შეხვედრა, როცა ის გადაწყვეტს, რომ თავს დაესხას ადამიანს, რადგან სხვა გზა არ აქვს. სხვა შემთხვევაში ისევე, როგორც ყველა სხვა გველი, გიურზა ადამიანთან შეხვედრისას შეეცდება, რომ თავისი გზით წავიდეს და საფრთხეს გაერიდოს, რადგან მისთვის ადამიანი რეალურად, საფრთხეა“, – განაცხადა რატი მამუკაშვილმა.
ჰერპეტოლოგი ასევე განმარტავს, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუკი მას გველი უკბენს.
„ხალხში ძალიან ფართოდ არის გავრცელებული მითები, რომ უნდა მოხდეს შხამის ამოწოვა, ლახტის დადება, ნაკბენის ადგილის გადასერვა და მსგავსი რაღაცები, რაც აბსოლუტურად არ არის რეკომენდებული. ერთადერთი, აუცილებლად უნდა დავწვეთ ჰორიზონტალურად, უნდა მივიღოთ ბევრი სითხე – წყალი და დავრეკოთ 112-ში და დაველოდოთ ექიმს, რომელიც შემდეგ მკურნალობის პროცესებს წარმართავს,“ – განაცხადა რატი მამუკაშვილმა „მედიაჰოლდინგ კვირის“ პრესკლუბში.