ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 125 000 ლარი სპორტსმენების პან-სომხურ თამაშებში მონაწილეობისთვის გამოყო, რომელიც აგვისტოში სომხეთში გაიმართება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან პან-სომხურ თამაშებში 60 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას: სპორტსმენები და დელეგაციის წევრები. სპორტსმენები შემდეგ სახეობებში წარდგებიან: ფეხბურთი, ფრენბურთი, ჭადრაკი, ცურვა, მკლავჭიდი და სირბილი.
პან-სომხური თამაშები 2023 წლის 7 აგვისტოს დაიწყება და 15 დღე გაგრძელდება. გახსნა ქალაქ გიუმრში შედგება, შეჯიბრებები კი სხვა ქალაქებში გაიმართება.
გამოყოფილი თანხიდან 111 000 ლარი სასტუმროსთვის, სამჯერადი კვებისთვის არის განკუთვნილი. სასტუმრო ტენდერით შეირჩევა. დანარჩენი თანხა სპეციალურად ამ თამაშებისთვის მონაწილეებისთვის სპორტული ტანსაცმლის შეკვეთას მოხმარდება.
ახალქალაქის დელეგაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იქნებიან. მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველოს უფროსმა ვალერი სტელმაშოვმა განმარტა, რომ სომხეთში მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები და ის სპორტსმენები წავლენ, რომლებიც შეჯიბრებებში მონაწილეობენ.
კითხვაზე, ამდენი წლის მონაწილეობის შემდეგ მოიპოვეს თუ არა რაიმე პრიზი ახალქალაქელმა სპორტსმენებმა, ვალერი სტელმაშოვმა შემდეგი გვიპასუხა:
“თამაშები სპორტის იმ სახეობებში იმართება, რომელშიც არც ისე ძლიერნი ვართ. მოჭადრაკეებმა პრიზები ვერ მოიგეს, მაგრამ ათეულში მოხვდნენ”.
ეს რიგით მე-8 პან-სომხური თამაშებია, რომელიც ბოლოს 2019 წელს გაიმართა.