კომპანია “ჯავახ ავტო გზას” თანამშრომლებმა 27 ივნისს ის ადგილები მონიშნეს, სადაც ახალქალაქში საცალფეხო გადასასვლელების ნიშნები უნდა დამონტაჟდეს. თუმცა კომპანიამ სამუშაოების დასრულება დააგვიანა და საავტომობილო გზების დეპარტამენტი დააჯარიმებს.
აღმაშენებლის გზაზე განმეორებით ნიშნების დამონტაჟდება ფატალური შემთხვევების შემდეგ პრობლემად იქცა. ახალქალაქის და განსაკუთრებით აღმაშენებლის ქუჩის საცალფეხო გადასასვლელების უსაფრთხოებაზე Jnews-ი მუდმივად საუბრობდა. ჩვენმა ჟურნალისტებმა საქართველოს საგზაო დეპარტამენტს არაერთხელ მიმართეს, რადგან ცენტრალური გზა სწორედ მათ აბარიათ. 19 ივნისს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ პავლე გამყრელიძემ Jnews-თან სატელეფონო საუბარში პირობა დადო, რომ აღმაშენებლის ქუჩის სახიფათო მონაკვეთზე რამდენიმე დღეში ნიშნულები, ზებრები და სარკეები დამონტაჟდება. მისივე თქმით, თუ კომპანია „ჯავახ ავტო გზა“ სამუშაოს არ დაასრულებს, დაჯარიმდება.
კომპანია “ჯავახ ავტო გზა” შესაძლოა დაჯარიმდეს
აღმაშენებლის საშიში მონაკვეთი – რა იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს
27 ივნისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს Facebook გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ თანამშრომლები საცალფეხო გადასასვლელების მოსანიშნად გაგზავნა.
“იმის გათვალისწინებით, რომ ცენტრალურ გზაზე საგზაო ნიშანი ადრე უკვე დაემონტაჟებინათ, მაგრამ გადასასვლელი ნიშნები არ დაიტანეს, საკრებულომ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ გზის მოვლა-პატრონობისთვის კომპანია „ჯავახ ავტო გზას“ მიმართა და ქალაქში საგზაო მონიშვნებზე მუშაობაც დაიწყეს. ამ ეტაპზე 25 ადგილას ქვეითთა გადასასვლელები გაკეთდება და ქალაქის ცენტრალურ გზასაც დაემატება საგზაო მონიშვნები. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მუნიციპალიტეტის მერმა და მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს სხვა თანამშრომლებმა მუშებთან ერთად დაათვალიერეს ცენტრალური გზა, ქვეითთა გადასასვლელები და ადგილებიც მონიშნეს. ცენტრალურ გზას კომპანია „ჯავახ ავტო გზა“ ემსახურება”,-ნათქვამია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებაში.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოადგილის, პავლე გამყრელიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად სამუშაო უკვე დაიწყო, მაინც დაჯარიმდება.
“კომპანია მუშაობის დაწყების შემდეგაც დაჯარიმდება, რადგან ყოველივე 2-3 კვირის წინ უნდა დაეწყოთ. ეს ცალკე პროცედურაა, რადგან პირველად ჯარიმდებიან”,- განმარტავს იგი.
აღმაშენებლის ქუჩას 2019-2020 წლებში საფუძვლიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. თუმცა სამუშაოები სარეაბილიტაციო პროექტით გათვალისწინებული ნიშნულების გარეშე და საგზაო ნიშნების არასრული შემადგენლობით ჩაბარდა. სამუშაოს ჩაბარების შემდეგ, ავტომაგისტრალის მომსახურების ფარგლებში, მანქანებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად სამუშაოები არ განახლებულა. რეაბილიტაციაზე კომპანია “ჯავახ ავტო გზა” ზრუნავდა, რომელიც ავტომაგისტრალის მომსახურე კომპანიაც არის.