საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგის მიხედვით, “1+4” პროგრამის აპლიკანტებისთვის ზოგადი უნარების გამოცდა 18 ივლისს ჩატარდება. ახალგაზრდებს სტუდენტური ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმისთვის ერთ თვეზე ნაკლები რჩებათ. ყოველივეს საზრუნავი, შიში და სირთულე ახლავს. Jnews-ი იმ სტუდენტებს ესაუბრა, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს, გამოცდილება შეიძინეს და აბიტურიენტებს განსხვავებულ რჩევებს აძლევენ.
კრისტინა ხოცანიანი თსუ-ს სტომატოლოგიური ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტია და ეროვნული გამოცდების გამოცდილება მასაც აქვს. წლების შემდეგ ამ ყველაფერს სიხარულით იხსენებს.
„გირჩევთ, მთელი წინასაგამოცდო დრო მხოლოდ მეცადინეობებს დაუთმოთ, დანარჩენ თავი დაანებოთ და დაივიწყოთ სიტყვა „დავიღალე“. მართალია, მხოლოდ გამოცდებზე კონცენტრირება რთულია, მაგრამ კარგი შედეგის მისაღებად შრომაა საჭირო. გამოცდის დღეს, საგამოცდო ოთახში შესვლამდე ძალიან მნიშვნელოვანია კვებას, სასმელს და ემოციურ მდგომარეობას მიაქციოთ ყურადღება. დარწმუნდით, რომ თან გაქვთ ყველა საჭირო დოკუმენტი და დაბეჭდილი ფურცელი. გამოცდაზე მშიერი არ მიხვიდეთ, მინერალური წყალი დალიეთ და სასმელიც თან წაიღეთ. ენერგეტიკულ სასმელებს და დამამშვიდებელ საშუალებებსაც მოერიდეთ“.
კრისტინა ირწმუნება, რომ საგამოცდო ოთახში დრო ისე სწრაფად გადის, რომ განმცხადებელი ვერც კი შეამჩნევს, გამოყოფილი დრო როგორ იწურება. ამიტომ მონიტორინგი და დროის თანაბრად განაწილება ძალზე მნიშვნელოვანია.
„დროს ადევნეთ თვალი და როცა ამოიწურება, არც ერთი შეკითხვა უპასუხოდ არ დატოვოთ. თუ ასეთი მაინც დაგრჩათ, სავარაუდო პასუხი მონიშნეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ფურცელზე პასუხი მკაფიოდ მონიშნოთ, რათა მოგვიანებით ტექნიკური პრობლემები არ შეგექმნათ. და რაც მთავარია, შეეცადეთ მაქსიმალურად მშვიდად იყოთ, სრულად გამოიყენეთ მიღებული ცოდნა და იფიქრეთ, რომ ყველაფერი გამოგივათ.”
თამარ ბიბიჩაძეც თსუ-ს სტუდენტია და საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობს. მისი ჩარიცხვის პერიოდი ეპიდემიას დაემთხვა და მთავარი სირთულე სწორედ მას უკავშირდებოდა. თამარას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტმა ოთახში თავი კომფორტულად იგრძნოს, რათა ცოდნა სრულად გამოიყენოს.
ყოველივეში დიდი წვლილი დამკვირვებელსაც შეაქვს, რომელიც საგამოცდო ოთახში იმყოფება. მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტებს დამატებითი სტრესი გადაატანინოს და მეგობრულად განეწყოს. იხსენებს, რომ გამოცდაზე დამკვირვებელს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა და ყოველ გავლაზე ქუსლების ხმა ყურადღებას უფანტავდა.
„ჩემი რჩევა აბიტურიენტებს: გამოცდაზე ბოლომდე დარჩით და იმაზე ივარჯიშეთ, რაც კარგად იცით, რადგან შეიძლება სწორედ ეს შეგხვდეთ გამოცდაზე. წარსულის შეცვლა რომ შემეძლოს, ბევრად უკეთესად და ეფექტურად გამოვიყენებდი დროს“.
თამარი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ურჩევს, არაფრის შეეშინდეთ და საქართველოში უმაღლესი განათლების გაგრძელებაში ეჭვი არ შეეპაროთ, ცალსახად საქართველო აირჩიონ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულნი იყვნენ. შეიძლება ცვლილებებიც შეიტანონ. ამ მიმართულებით უნდა იმუშაონ, რათა მომავალ თაობებს ის გზა გაუადვილდეს, რომელიც რთულად გაიარეს და არასოდეს იგრძნონ სისუსტე. ყოველივე სპორტსაც დარდება: როცა შენზე ძლიერ გუნდთან მატჩისთვის ემზადები და თამაშს როგორც დამარცხებული, ისე იწყებ, ასეც ხდება. მაგრამ, როცა არ გეშინია და მოგებაზე ფიქრობ, გონივრულად იმოქმედებ და გაიმარჯვებ”.
თამარი გვირჩევს, რომ ქართული გამოცდებამდე და უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ვისწავლოთ, რათა სწავლის პროცესი გაადვილდეს. მომავალ პროფესიაზეც წინასწარ იფიქრეთ და ირწმუნეთ, რომ განათლება ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს ითამაშებს.
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.