Georgian Airways-ის კვალდაკვალ მოსკოვი-თბილისის რეისებზე ფასები Azimuth Airlines-მაც გაზარდა. თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ Azimuth-ით მოსკოვიდან თბილისში ფრენის საფასური 23 373 რუბლიდან 63 933 რუბლამდე მერყეობდა (დღევანდელი კურსით 280 და 760 დოლარი), დღეს ბილეთის ღირებულება 59 025 რუბლიდან (700 დოლარი) იწყება და 95 825 რუბლამდე (1 140 დოლარი) ადის.
რაც შეეხება თბილისი-მოსკოვის რეისებზე ბილეთის ფასებს, თუ 19 მაისის, ანუ პირდაპირი ფრენების განახლებისას ბილეთების ფასი 21 052 რუბლიდან (250 დოლარი) იწყებოდა და 56 542 რუბლამდე (672 დოლარი) ადიოდა, დღეს 26 131-74 891 რუბლამდე მერყეობს (310-890 დოლარი).
აღსანიშნავია, რომ Azimuth Airlines-ის ბილეთის ფასი კატეგორიების მიხედვით განსხვავდება. შედარებით იაფი ბილეთი მოიცავს ბორტზე 5 კგ ბარგს, ხოლო ძვირი – 10 კილოგრამს, ამასთან ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში ძვირად ღირებული ბილეთის მფლობელებს ლოდინიც არ მოუწევთ.
ცნობისათვის, დღეს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Georgian Airways-მა მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირ რეისებზე ფასები გააორმაგა. ავიაკომპანიის ცნობით, ბილეთები, დაახლოებით, ერთი თვის წინანდელ ფასებთან შედარებით, ორჯერ გაძვირდა. მოსკოვი-თბილისის რეისზე ცალმხრივი ბილეთი 28 ივლისიდან დაახლოებით, 1000 დოლარი ეღირება. ამასთან, ეკონომ-კლასის ბილეთები 30 ივნისიდან, დაახლოებით, 500 დოლარი ეღირება, რაც თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის პერიოდზე ორჯერ მეტია.
მოსკოვი-თბილისის რეისს რუსული ავიაკომპანია Azimuth 19 მაისიდან ასრულებს, ხოლო Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით ოთხი წლის შემდეგ პირველი რეისი 20 მაისს შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ავიაემბარგოს მოხსნის შესახებ განკარგულება ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს გასცა.