რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, „ვიზა” და „მასტერქარდი” რუსეთში საკუთარ საქმიანობას წყვეტენ. ინფორმაციას „ბიბისი” ავრცელებს.
„მასტერქარდის” განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული ბანკები ვეღარ ისარგებლებენ მათი ქსელით და კომპანიის მიერ რუსეთის ფარგლებს გარეთ დამზადებული ბარათები აღარ იმოქმედებს რუსეთის მაღაზიებსა და ბანკომატებში.
კომპანიის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებული იყო „მიმდინარე კონფლიქტის უპრეცენდენტო ხასიათისა და გაურკვეველი ეკონომიკური სიტუაციის გამო“.
რუსეთში საკუთარი საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო „ვიზამაც”. ფინანსურ კომპანიაში განაცხადეს, რომ უახლოეს დღეებში რუსეთში გაცემული „ვიზას” ბარათები აღარ იმუშავებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რუსეთის ფარგლებს გარეთ ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ნებისმიერი „ვიზას” ბარათი აღარ იმუშავებს რუსეთის ფედერაციაში.
კომპანიის დირექტორის განცხადებით, გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მიუღებელი ქმედებების გამო მიიღეს.