საქართველო დღეს «დედამიწის საათს» შეუერთდება. ეს არის ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვით აქცია, რომელსაც ყოველწლიურად ველური ბუნების (WWF) მსოფლიო ფონდი მართავს.
სიმბოლური აქციის დროს, რომელიც კლიმატის ცვლილების პრობლემისადმი ყურადღების გამახვილებას ისახავს მიზნად, ორგანიზატორები ხალხს სთხოვენ ადგილობრივი დროით 20:30-დან 21:30-მდე, ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგიით არ ისარგებლონ.
ტრადიციულად საქართველოში კამპანიას უერთდებიან რიგითი მოქალაქეები, ასევე სახელმწიფო უწყებები და ქვეყანაში აკრედიტირებული საელჩოები. ერთი საათით ქრება დედაქალაქის, თბილისის მთავარი ღირსშესანიშნაობების განათებები.
პანდემიის გამო, უკვე მეორედ «დედამიწის საათი» ონლაინ-რეჟიმში ტარდება. 2021 წლის აქციის სლოგანია – #Connect2Earth. აქციის შესახებ მოყოლას ამ ჰეშთეგით სთავაზობენ სოციალური ქსელების პოსტებში და სთორებში.
«დედამიწის საათი» ყოველწლიურად მარტის ბოლო, ან ბოლოსწინა შაბათს ტარდება, ყველას მოუწოდებენ – კერძო პირებს, ორგანიზაციებს, სკოლებს, მუნიციპალურ და კომერციულ დაწესებულებებს – ერთი საათით გამორთონ შუქი, რათა კლიმატის ცვლილების პრობლემისადმი, სინათლის დაბინძურებისა და სხვა ეკოლოგიური თემებისადმი ინტერესი გამოხატონ. დღევანდელი აქციით თითოეულ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია ბუნებრივი რესურსების ამოწურვის პრობლემისადმი უკმაყოფილება გამოხატოს და ჯანმრთელ პლანეტას მისცეს ხმა.