მოსკოვის საავადმყოფოში, კორონავირუსით 79 წლის პაციენტი დაიღუპა, – ამის შესახებ ქალაქის ოპერატიული შტაბი იტყობინება. რუსეთში, ეს COVID-19 -ით გამოწვეული პირველი ლეტალური შემთხვევაა.
“79 წლის პაციენტი საავადმყოფოში 13 მარტს გადაიყვანეს, მაგრამ ოჯახის წევრების დაჟინებული მოთხოვნით 14 მარტს, სამკურნალოდ კერძო კლინიკაში დააწვინეს. მას შემდეგ რაც, ანალიზებმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა, პაციენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს N2 ინფექციურ საავადმყოფოში. სუნთქვის გაძნელებასთან დაკავშირებით რეანიმაციულ განყოფილებაში, იზოლირებულ ბლოკში მოათავსეს და კომპლექსური მკურნალობა ჩაუტარეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც საგანგებო შტაბში აცხადებენ, გარდაცვალების მიზეზი არის პნევმონია, რაც მძიმე პათოლოგიის ფონზე მიმდინარეობდა: 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტონია, გულის იშემიური დაავადება, კორონარული ათეროსკლეროზი, აორტა, ცერებროვასკულარული დაავადება და სხვა.
გარდაცვლილის ახლობლების მთელი ვიწრო წრე სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
18 მარტის მონაცემებით, რუსეთში, ოფიციალურად, კორონავირუსით დაინფიცირების 147 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის, 86 შემთხვევა მოსკოვში.
როგორც ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, ინფექციურ დაავადებას განსაკუთრებით რთულად იტანენ 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები, ამიტომ აუცილებელია მათთვის, შეძლებისდაგვარად შემცირდეს დაინფიცირების რისკი. ასევე, ადამიანებმა თავი შეიკავონ მასობრივი თავშეყრის ადგილებში სიარულისგან.