უკრაინის ომი სოციალურ ქსელებში უამრავი ინფორმაციის, ვიდეოს, ფოტოების და ვარაუდების ფონზე მიმდინარეობს. ხშირად ძნელია რეალობა ვარაუდისგან განასხვაო . უკრაინის მოვლენებს Jnews-ი სოციალური ქსელების და მედიის დახმარებით ადევნებდა თვალს.

რუსეთი V. S ბრიტანეთი

ბრიტანეთი აქტიურად  აშუქებს რუსეთის დანაკარგებს და სანქციებს. იგივენაირად პასუხობს რუსეთიც.

რუსეთმა დააწესა შეზღუდვები ბრიტანული თვითმფრინავების რუსეთში ფრენებზე იმის საპასუხოდ, რომ ერთი დღით ადრე დიდმა ბრიტანეთმა დააწესა სანქციები კომპანია “აეროფლოტის” წინააღმდეგ და აკრძალა მისი საქმიანობა ქვეყანაში. რუსული შეზღუდვები, ასევე მოიცავს „ტრანზიტულ ფრენებს რუსეთის ფედერაციის საჰაერო სივრცის გავლით“.

დღეს, 25 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა დაკარგა 450-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მსგავსი ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ვითარება უკრაინაში

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კიევის ობოლონის რაიონში რუსული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი მოქმედებს, – ამის შესახებ მანამდე თვითმხილველები და მედია წერდა.

„მოქალაქეებს ვთხოვთ შეგვატყობინონ ტექნიკის გადაადგილების შესახებ“, – ნათქვამია შეტყობინებაში. „მშვიდობიანო მოსახლეობავ, სიფრთხილე გამოიჩინეთ! არ გახვიდეთ სახლიდან!“

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის სამხედრო დესანტის ძალებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე სრული კონტროლი აიღეს.

BBC-ის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს რუსი დივერსანტების განეიტრალება, რომლებიც, მისი თქმით, უკრაინული ფორმებით და შეიარაღებული ძალების მიერ დატყვევებულ მანქანებში იყვნენ.

მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე მანქანა ტყვედ ჩავარდა. დეპარტამენტის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა განაცხადა, რომ დივერსანტებმა კიევში შეჭრა სცადეს, მაგრამ მოკლეს.

რა ხდება დონბასში?

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა, ანდრეი ტურჩაკმა განაცხადა, რომ თვითგამოცხადებული დონეცკის ეროვნული რესპუბლიკის და ლუგანსკის ეროვნული რესპუბლიკის ტერიტორიიდან ევაკუაციის გამოცხადების შემდეგ, დაახლოებით 120 ათასი ადამიანი წავიდა რუსეთში. დროებითი განსახლების პუნქტები ღიაა რუსეთის 15 რეგიონში, – იტყობინება BBC.

დონბასის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის, გორლოვკას ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან პრიხოდკომ განაცხადა, რომ ჭურვი პირდაპირ სკოლის შენობას მოხვდა. მისი თქმით, შედეგად ორი მასწავლებელი დაიღუპა. ეს ინფორმაცია სხვა წყაროებით ჯერ არ დადასტურებულა.

თვითგამოცხადებული დონეცკის ეროვნული რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშლინმა თქვა, რომ 25 თებერვლის ღამით, მისმა ძალებმა ზარალი განიცადეს.  დაღუპულთა რაოდენობა არ დაუსახელებია.