19 ივნისს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, რეგიონში შექმნილ ვითარებას, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მშვიდობიან გზებს.
“შეხვედრაზე მხარეები ასევე შეეხნენ საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემას, კერძოდ, ისაუბრეს სახელმწიფო კომისიების მორიგი სხდომის გამართვის შესაძლებლობაზე”. – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების განმარტებით, შეხვედრაზე გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა სფეროებში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველო მოადგილე, ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხალაფ ხალაფოვი წარმოადგენდა.
აზერბაიჯანული მედია შეხვედრამდე წერდა, შეხვედრაზე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფოთაშორისი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით არაფორმალური დისკუსია გაიმართებოდა.
“ამ საკითხების პირდაპირი ფორმალური განხილვა არ იქნება, მაგრამ არაფორმალურად ჩვენ გადავხედავთ ამ საკითხებს, მოსაზრებებს გავცვლით და, რა თქმა უნდა, გავცვლით აზრებს კომისიის მუშაობის გაგრძელების საკითხზე”. – თქვა ხალაფ ხალაფოვმა.
საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სიგრძე 446 კმ-ია, საზღვრის სადავო მონაკვეთზე კი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს.
2020 წელს კი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 308-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გულისხმობდა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეჭვქვეშ დააყენა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიის მუშაობის კანონიერება. არსებობდა მოსაზრება, რომ კომისია ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მუშაობდა.
საქმეზე სადელიმიტაციო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის ყოფილი წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა კი ამ დრომდე გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ დავითგარეჯის საქმეზე კომენტირებისას საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ახლო და სტრატეგიული მეგობარია, ხოლო ქვეყანას “ბრძენი მმართველი, ბატონი ალიევი” მეთაურობს, რომელთანაც მას “ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს”.
2020 წლის ბოლოს საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, ბაქოს გადასცეს ახალი რუკები აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრების დელიმიტაციაზე.