ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების – რიონისა და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.

მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი, საძიებო სამუშაოები კი ხუთ პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.