ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ელექტროგამანაწილებელი კომპანია Energo Pro Georgia -ს 22 955 აბონენტიდან ნოემბერში კომუნალური გადასახადების სახელმწიფო დაფინანსებით 14 343 აბონენტმა ისარგებლა.
კომპანია Energo Pro Georgia-ს პრესცენტრის ინფორმაციით, კომპანიის სამხრეთ ფილიალის (ახალქალაქი, ნინოწმინდა, ასპინძა, ახალციხე, ბორჯომი, ხაშური, გორი) 197 553 აბონენტიდან ელექტროენერგიის შეღავათი 135 687 აბონენტმა მიიღო.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყველას, ვინც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბამეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს, კომუნალურ გადასახადები მთლიანად დაუფინანსდებათ ოთხი თვის განმავლობაში: ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. დაფინანსება, ასევე დასუფთავების და წყლის გადასახადს ეხება.
მთელ საქართველოში აბონენტების რაოდენობა, რომლებიც ყოველთვიურად 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1,2 მილიონს შეადგენს და სახელმწიფომ ამ მოქალაქეების კომუნალური გადასახადების დასაფარად საშუალოდ 17 მილიონი ლარი (5 მლნ აშშ დოლარზე მეტი) გამოყო.
ასევე საქართველოში 670 ათასი აბონენტია, რომლებიც თვეში 200 კუბამეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ. მათი ანგარიშების დასაფარად ხელისუფლება 27 მილიონი ლარი (8 მლნ დოლარზე მეტი) გამოყო.