IRI-ის კვლევის თანახმად, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, გამოკითხულთა 46% ქვეყანაში მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, 17%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ფასები, 10%-სთვის კი სიღარიბეა.
ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსს მთავარ პრობლემად 4% მიიჩნევს, 3% კი ოკუპირებულ ტერიტორიებს ასახელებს.
კითხვაზე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც თქვენი დასახლება/სოფელი აწყდება, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ უმუშევრობა, 10%-ის აზრით, ეს არის გზებბი, 9% კი ეკონომიკას მიიჩნევს.
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა თქვენი ოჯახისთვის, ხმები ასე გადანაწილდა: უმუშევრობა – 29%, ეკონომიკა – 17%, დაბალი ხელფასები – 7%, მაღალი ფასები 5%.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.