რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში 19 ივნისს რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომა გაიმართა.
როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზე წერია, შეხვედრა ორ ქვეყანას შორის ლოგისტიკის, დაზღვევისა და საქონლის ტრანზიტის საკითხების განხილვას დაეთმო.
შეხვედრის გახსნისას რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცეპრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ ისაუბრა ზემო ლარსის გარემონტებული და გაუმჯობესებული სასაზღვრო პუნქტის გახსნის შესახებ, რომელიც, მისივე თქმით, ხელს უწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის კომუნიკაციას.
როგორც მან აღნიშნა, მოძრაობის ორგანიზებისთვის არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება გახდა საჭირო.
ამასთანავე, რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოდან სატვირთო მანქანებისა და მძღოლების რუსეთში ტვირთის გადაზიდვაზე დაშვების საკითხი. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე წარადგინეს წინადადებები საქართველოსა და რუსეთს შორის საინვესტიციო თანამშრომლობის შესახებ ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში, მათ შორის ახალი სატრანსპორტო დერეფნების გახსნის შესაძლებლობის შესახებ.
რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატირინმა მაისში ისაუბრა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტის დაწყების აუცილებლობის შესახებ.
რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭო მიმდინარე წლის თებერვალში შეიქმნა. მის თავმჯდომარედ აირჩიეს კომპანია IK Rumb-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების ეროვნული ფონდის ვიცეპრეზიდენტი, იური ბალაშოვი. მარტში იგი საქართველოს ეწვია, გამართა საქმიანი შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან და მოინახულა ღვინის ქარხნები კახეთის რეგიონში.