ორგანიზაცია „საქართველოს სომხურმა სათვისტომომ“ ლაშა არსენიძის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რადგან საქართველოში მცხოვრები სომხების მიმართ შეურაცხმყოფელი ვიდეო გამოაქვეყნა. ჩანაწერი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.
საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა ორგანიზაციას „საქართველოს სომხურ სათვისტომოს“ საპასუხო ნაბიჯების გადადგმა და სომხების ლეგიტიმური ინტერესების დაცვა სთხოვენ. სურთ არსენიძემ სომეხ ხალხს იმავე სოციალურ ქსელებში საჯაროდ ბოდიში მოუხადოს.
„საქართველოს სომხურმა სათვისტომომ“ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ინიციატივის მხარდამჭერებს, განურჩევლად ეროვნებისა, შეუძლიათ 11:00-დან 20:00 საათამდე ოფისში მივიდნენ, ხელმოწერები დატოვონ და მხარი დემონსტრაციულად დაუჭირონ.
ხელმოწერების შეგროვების პროცესისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ Jnews-ი “საქართველოს სომხური სათვისტომოს” თავმჯდომარეს არტურ მირზოიანს ესაუბრა.
მირზოიანის თქმით, სხვა ანტისომხური განცხადებებისგან განსხვავებით, რომელთა ავტორებიც მხოლოდ საკუთარ აზრს გამოთქვამენ, არსენიძე აშკარად იმუქრება და ილანძღება.
„ბოლო ანტისომხურ განცხადებებს შორის კავშირსა და რუსეთის გავლენას ვერ ვხედავ. ის განცხადებები, რომლებიც აფხაზეთის სომხებისთვის გადაცემას უკავშირდებოდა, უბრალოდ სისულელეა. ეს მათი აზრია და მეტი არაფერი. არსენიძის საქმეს კი გვერდს ვერ ავუვლიდით, რადგან ვიდეოში არის განცხადებები, რომლებიც შეურაცხყოფს ჩვენს ღირსებას და მუქარასაც შეიცავს. რამდენიმე მოქალაქის ხელმოწერით ინიციატივა მივიღეთ და ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ. მათ მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარვუდგენთ, რათა არსენიძეს ვაიძულოთ საჯაროდ ბოდიში მოიხადოს“, – აცხადებს “საქართველოს სომხური სათვისტომოს” თავმჯდომარე არტურ მირზოიანი.
აღნიშნავს, რომ მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლებიან და ხელმოწერებს რეგიონებშიც შეაგროვებენ. საზოგადოება კი წინასწარ იქნება ინფორმირებული.
„ვინც ოფისში ვერ მოვა, დაგვიკავშირდეს და მოხალისეები მათ რაიონშიც ჩავლენ. 18 ივნისს სურბ ეჩმიაძინისა და სურბ გევორგის ტაძრებშიც შევაგროვეთ ხელმოწერები. რადგან არიან პირები, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, მაგრამ სურთ ინიციატივას შეუერთდნენ, ვთავაზობთ ქვემოთ მოცემული ფოტოს მაგალითზე შეავსონ დოკუმენტი. საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად ეროვნებისა, შეუძლიათ წერილი ჩვენს Facebook გვერდზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@armenian-community.ge გამოაგზავნონ“, – განმარტავს მირზოიანი. აღნიშნავს, რომ ორი აზერბაიჯანელი სტუდენტი ინიციატივას უკვე შეუერთდა და ხელიც მოაწერა.
შეგიძლიათ გაეცნოთ:
არმენოფობია სოციალურ ქსელებში: როგორ უნდა მოვიქცეთ?
საქართველოში გავრცელებული ანტისომხური ვიდეო: რეაქცია და შედეგები