პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში სუროგაციის საკითხს დაარეგულირებენ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ საკითხის რეგულაციის გარეშე დატოვება არ შეიძლება.
„ახალი კანონპროექტით, ჩვენი სურვილია, სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული. უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთავს… ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულაციის გარეშე დატოვება. ძალიან ბევრი რეკლამა ვრცელდება, ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ სარფიან ბიზნესს“, — თქვა ღარიბაშვილმა.
მისივე ცნობით, სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.
მან სუროგაციასთან დაკავშირებით ჰომოფობიური შინაარსის განცხადებაც გააკეთა და თქვა, რომ სუროგაციით ერთნაირსქესიანი წყვილებიც სარგებლობენ, რაც უნდა აღიკვეთოს.
სუროგაცია არის ბავშვის გაჩენის მეთოდი, რაც გულისხმობს ქალის კვერცხუჯრედისა და კაცის სპერმატოზოიდის გამოყენებით ლაბორატორიულ პირობებში ემბრიონის შექმნას. აღნიშნული გზით შექმნილი ემბრიონი კი გადააქვთ სუროგატი ქალის საშვილოსნოში, სადაც ემბრიონი ისე ვითარდება, რომ მას სუროგატ დედასთან გენეტიკური კავშირი არ აქვს. ამ სერვისით სარგებლობა შეუძლიათ, მათ შორის, ისეთ ქალებსაც, რომლებსაც თავად ფიზიკურად არ შეუძლიათ ბავშვის გაჩენა, ასევე ქვიარ წყვილებს და ა.შ.