ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კვების პროდუქტების დარიგების მეორე ეტაპი დღეს დასრულდა.
რადგან, კორონავირუსის პანდემიის გამო, საბავშვო ბაღებში არდადეგები სექტემბრამდე გაგრძელდა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ბავშვებს კვების პროდუქტები ხელმეორედ დაურიგა. ამჯერად ერთ ბავშვზე სამი თვის კვების პროდუქტი იყო გათვალისწინებული, ასევე ხილი და ჰიგიენური საშუალებები.
პარკში შემდეგი პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები იყო: 2კგ მაკარონი, 1კგ ვერმიშელი, 2კგ მაწონი, 2ლ რძე, 0,5კგ კარაქი, 400გრ ხაჭო, 180გრ არაჟანი, 1კგ ფქვილი, 1კგ შაქარი, 4 პური, 2კგ ვაშლი და 1კგ ბანანი. ასევე 1 თხევადი, საბავშვო საპონი, 2 ჰიგიენური ქაღალდი და 1 შეკვრა ხელსახოცი.
2-3 დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კვების პროდუქტებს არიგებდნენ. დღეს, ბოლო საბავშვო ბაღში, სოფელ კარწახში დაარიგეს. ქალაქში კვების პროდუქტებზე მხოლოდ სამმა მშობელმა თქვა უარი. მათი წილი გაჭირვებული ოჯახების ბავშვებს დაურიგეს.
მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებმა მრავალშვილიან ოჯახებს შესაბამისი ცნობის წარდგენის შემდეგ ხორცი გადასცეს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ანაიდა ასატურიანის თქმით, ეს იყო ხორცი, რომელიც გაუთვალისწინებელი არდადეგების შემდეგ საბავშვო ბაღებში დარჩა.
«ხორცის დიდხანს შენახვა არ შეიძლება, ამიტომ გადავწყვიტეთ მრავალშვილიან ოჯახებს დავურიგოთ. საბავშვო ბაღებში სხვადასხვა ნაშთი დარჩა, ზოგან 2კგ, ზოგან 8კგ. ჩვენ ვუნაწილებთ ოჯახებს. იქ სადაც ხორცი ცოტაა დარჩენილი, მაგალითად სოფელ ვაჩიანში 2კგ ხორცი დარჩა და მხოლოდ ერთ, 4 შვილიან ოჯახს გადავეცით, რადგან ისინი რთულ სოციალურ პირობებში არიან. გადავცემთ მათ, ვისაც ამის საჭიროება აქვს»,- თქვა ანაიდა ასატურიანმა.
კვების პროდუქტები შემდეგი საბავშვო ბაღების აღმზრდელებმა მიიღეს: ახალქალაქის №1,№2,№3 საბავშვო ბაღები, სოფელი ვაჩიანის, ბარალეთის, აზავრეთის, დილისკის, კულიკამისა და კარწახის საბავშვო ბაღები. ალტერნატიულ საბავშვო ბაღებს კვების პროდუქტები არ დაურიგდათ, რადგან იქ კვება გათვალისწინებული არ არის.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სამი ალტერნატიული საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სოფელ კოთელიაში, ხანდოსა და კარტიკამში.