ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხში სარწყავ სეზონზე სასმელი და სარწყავი წყლის ნაკლებობას უჩივიან. დიდი ხანია სოფელში ეს საკითხი დღის წესრიგშია.
სოფელ ტურცხში 600-700 ოჯახიდან მხოლოდ 230 ცხოვრობს. მოსახლეობა სოფელს სხვადასხვა მიზეზის გამო ტოვებს. ახალგაზრდებს კი კარგ პირობებში ცხოვრება სურთ და ამიტომ დიდ ქალაქებში მიდიან.
სოფელში ზაფხული უწყლობასთან არის დაკავშირებული.
„წყალი არც ზემო სოფლებს მიეწოდება და არც ჩვენ. ტბა ხუთი სოფლის უზრუნველსაყოფად ააშენეს, მაგრამ სარწყავ სეზონზე ერთი წვეთი წყალიც არ გვაქვს. პირუტყვსა და ხალხს სასმელი წყალი არ აქვს, მინდვრებიც ვერ იწრყვება“ – ამბობს მიქაელ ალბერტიანი.
“ყოველ წელს ერთი და იგივე პრობლემა გვაწუხებს, უკვე დავიღალეთ. ვსაუბრობთ, ვჩივით, მაგრამ არაფერი იცვლება. ახლა წყალი გვაქვს, მაგრამ ჩვენი ტანჯვა ერთ თვეში დაიწყება და ოთხ თვეს გასტანს”, – განმარტავს გრიგორ ხაჩატრიანი.
სოფელში მეურნეობითა და მეცხოველეობით არიან დაკავებულნი. მოსახლეობის თქმით, დიდი ტერიტორიები არ აქვთ, რათა მიწათმოქმედებასაც მიჰყონ ხელი. საძოვრებიც არ აქვთ და ბევრ პირუტყვს ინახავენ. წყლის გარეშე კი ვერც მიწა და ვერც ცხოველი გაძლებს. თითოეულ ოჯახს დაახლოებით 70 მეასედი მიწა აქვს. მოსახლეობას სასმელი წყალი მეზობელი სოფლებიდან მოაქვს.
ალმასიანი ამბობს, რომ პრობლემა მაშინ მოგვარდება, როდესაც ბეჟანოდან ცალკე ხაზი დაუკავშრდებათ.
„თითო სოფლისთვის განრიგი უნდა შეადგინონ, რათა წყალი ყველამ მიიღოს. ხელისუფლებას ამ საკითხით დაკავება არ სურს. მხოლოდ არჩევნებისას მოდიან, მხოლოდ მაშინ ვჭირდებით. როცა ჩვენ გვჭირდებიან და მივმართავთ, ხელმისაწვდომები აღარ არიან “, – აღნიშნავს ალმასიანი.
ამ თემაზე ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატმა ანა ღევენიანმაც გააკეთა განცხადება:
„ჩვენთან სარწყავი სეზონი ორი თვე გრძელდება. რადგან წყალი არ გვაქვს, გრაფიკის მიხედვით ვანაწილებთ. ბეჟანოს მოსახლეობა მილებს ხვრეტს და მინდვრებს ისე რწყავს. თითქმის ორი თვეა ბეჟანოში ვცხოვრობთ და მდგომარეობას ვაკვირდებით. კონტროლის გარეშეც, წყალი თავის დროზე მიეწოდება მოსახლეობას. მაგრამ ისეც მომხდარა, რომ ადგილზე პოლიციელები მივიყვანე. ჯარიმა სულ 20 ლარს შეადგენს, თუმცა გვაცილებენ და ისევ მინდვრებს რწყავენ“, – განმარტავს ანა ღევენიანი.
სამი სოფლისთვის, ტურცხისთვის, ლომატურცხისთვის და გოდოლარისთვის ხაზი 2018 წელს აშენდა, რომელიც სოფელ ბეჟანოდან გაიყვანეს და სოფელ გოდოლართან იყოფა.
სოფელ ტურცხში ჩივიან, რომ სარწყავი სისტემითაც ვერ სარგებლობენ, რადგან ჯაჭვში ბოლო სოფელია. სარწყავი წყლით ბარალეთელები სარგებლობენ და წყალი სოფლამდე ამიტომ ვერ აღწევს. მოსახლეობის თქმით, ხაზს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის სერვის ცენტრი არ აკონტროლებს.
შეგიძლიათ გაეცნოთ: