თბილისის მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო მუშაობას სავარაუდოდ 22 მაისის შემდეგ განაახლებს, თუმცა მგზავრებს მოუწევთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები გაითვალისწინონ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ქვეყნის მთავრობა 3 დღის განმავლობაში ელოდება, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შეიმუშავებს.
წინასწარი ინფორმაციით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობისას მოქალაქეებს მოუწევთ ნიღბების ტარება და სოციალური დისტანციის შენარჩუნება. ასევე, დაგეგმილია მგზავრების ტემპერატურის მონიტორინგი, თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებული დეტალები ჯერ კიდევ განსახილველია. ასევე, უცნობია, რამდენი მგზავრი დაიშვება ავტობუსში, ან მეტროს ვაგონში.
” რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით ამუშავება, რაც ნიშნავს მგზავრთა რაოდენობის მაქსიმალურად შეზღუდვას და ნიღბების სავალდებულო ტარებას”, – განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა.
სპეციალისტის თქმით, საზოგადოებრივი, მათ შორის, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა, ინფექციების შესაძლო გაზრდის საფრთხეს ქმნის. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ექსპლუატაცია კვლავ შეიზღუდოს.
”საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა, ასევე, მნიშვნელოვანია საქალაქთაშორისო კავშირის თვალსაზრისით, თუმცა, მთელი აღდგენის პროცესი წარიმართება ყოველდღიური ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება რისკების შესაძლო ზრდას უკავშირდება. იმ შემთხვევაში, თუ ამ რისკების გაზრდის შედეგად, დღის წესრიგში დადგება დაავადების ზრდა, შესაძლოა მოგვიწიოს პერიოდულად გარკვეულ შეზღუდვებთან დაბრუნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ზახაშვილმა.
დღეს, საქართველოში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთადერთი ფორმაა ტაქსი. 21 მარტიდან, საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ, ქვეყანაში აკრძალული იყო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. პრევენციული ზომების გამკაცრების შედეგად, 31 მარტიდან, თბილისში გაჩერდა ავტობუსებიც და მეტრო. 17 აპრილიდან 27 აპრილამდე ყველგან აკრძალული იყო მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა, მათ შორის, ტაქსის.