აჭარის პროკურატურას არასამთავრობო ორგანიზაცია შშმ ქალთა ალიანსმა მიმართა და სმენის არმქონე არასრულწლოვან გოგონებზე გარყვნილ ქმედებასა და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა. შსს-მ შშმ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დაწყებულია ინფორმირებული პირების გამოკითხვა.
გუშინ, 5 ივნისს, პოლიციას და ასევე პროკურატურას მიმართეს შშმ ქალების უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა, რომლებიც „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდნენ, რომ არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ასახულია არასრულწლოვან შშმ გოგონებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები.
უფლებადამცველების თქმით, საუბარია შვიდიდან 16 წლამდე ასაკის გოგონებზე, რომლებზეც სავარაუდოდ რამდენიმე წელია სექსუალურად ძალადობდნენ. მოძალადეები ვიდეოებს იღებდნენ, შემდეგ კი შიდა ჯგუფებში ერთმანეთს უზიარებდნენ.
“ისეთი ვიდეოებიც არსებობს, სადაც მსგავსი დიალოგები მიდის გოგონებსა და მოძალადე კაცებს შორის და არის ისეთი ვიდეოებიც, სადაც პირდაპირ სთავაზობენ გოგოებს სექსს ან სთხოვენ შიშველი კადრების გაგზავნას და შემდეგ ამ კადრებს ავრცელებდნენ პედოფილების ჯგუფებში”, – ჰყვება 17 წლის მოზარდი “ბათუმელებთან” საუბარში.
შსს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე პირები გამოიკითხებიან როგორც ბათუმში, ასევე თბილისში.