ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ჩუტყვავილაა გავრცელებული. ერთი საბავშვო ბაღი კარანტინის გამო დაიკეტა, მეორე კი შესაძლოა დღის განმავლობაში დაიკეტოს.

ახალქალაქის საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორის ანაიდა ასატურიანის თქმით, ახალქალაქში ჩუტყვავილა ძალიან გავრცელებულია, სოფელ დილისკას საბავშვო ბაღი უკვე კარანტინშია, ხოლო სოფელ ხულგუმოში, რომელიც სულ რაღაც ერთი კვირის წინ გამოვიდა კარანტინიდან, შესაძლოა კვლავ დაიკეტოს.

„ჩუტყვავილაა გავრცელებული. სოფელ დილისკას საბავშვო ბაღში ჩუტყვავილის 10 შემთხვევაა დაფიქსირებული, სოფელ ხულგუმოს საბავშვო ბაღი კი 21 დღით უკვე დაიხურა, გაიხსნა და ერთ კვირაში კვლავ დაიკეტა, რადგან აღმზრდელებიც ჩუტყვავილათი დაინფიცირდნენ“, – განმარტავს ახალქალაქის საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორი ანაიდა ასატურიანი.

ვირუსული ეტიოლოგიის მწვავე ინფექციური დაავადების – ჩუტყვავილის – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გავრცელების მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია, მას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სოფლის ექთნების დახმარებით იძიებს.

„ჩუტყვავილა სოფელ დილისკასა და ხულგუმოში აღმოაჩინეს. დილისკას საბავშვო ბაღი კარანტინისთვის დაიხურა და, სავარაუდოდ, სოფელ ხულგუმოს საბავშვო ბაღიც დაიკეტება. კონსულტაციას ჩვენს ექთნებთან გავდივართ, რათა გავარკვიოთ, სხვა სოფლებში რამდენად არის ჩუტყვავილა გავრცელებული. მაგრამ სოფლის სკოლებსა და ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს“, – აცხადებს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი სირანუშ ტონაკანიანი.