რამდენიმე დღეა ახალქალაქის სოფლების ზოგიერთი მცირე ფერმერი რძის ადგილობრივ მწარმოებლებზე გაყიდვაზე უარს აცხადებს, რადგან ფასი 1,4 ლარამდე შემცირდა. თუმცა იძულებულნი გახდნენ დათანხმებულიყვნენ.
მაისის დასაწყისიდან ჯავახეთის ყველის მწარმოებლებმა რძის ფასი 1,80 ლარიდან 1,40 ლარამდე შეამცირეს. ზოგ შემთხვევაში 1,60 ლარად ყიდულობენ.
რძის მყიდველები ძირითადად ნინოწმინდელი რძის პროდუქტების მწარმოებლები არიან. რძეს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებიდანაც ყიდულობენ, ყველს ამზადებენ და თბილისში, ქუთაისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ყიდიან.
2 მაისიდან სოფელ მურჯახეთში მწარმოებლებისთვის რძის დაბალ ფასად მიყიდვაზე უარი თქვეს, თუმცა 3-დღიანი პროტესტის შემდეგ 5 მაისს რძე 1,40 ლარად გაყიდეს.
“3 ძროხა მყავს და დღეში დაახლოებით 30 ლიტრ რძეს იძლევიან. დაბალ ფასში რომ ჩავაბარო, დღეში 12 ლარს დავკარგავ, რაც მომგებიანი არ არის”, – ამბობს სოფელ მურჯახეთის მცხოვრები ენოკ ბაბაჯანიანი.
ისპირიან ქრისტინე სოფელ გორელოვკადან 1 ლიტრს კვლავ 1,60 თეთრად ყიდის. მაგრამ უკვე გაიგო, რომ ფასმა 1,40 ლარამდე დაიწია. მისი თქმით, ასე თუ გაგრძელდა, საქონელს შემოდგომაზე გაყიდის. ჯამში 11 მერძევე ძროხა ჰყავს.
„ასე სესხს 3 წელი ვერ დავფარავ, რომელიც პანდემიისას თივისა და ტექნიკის საყიდლად ავიღე. უარს აზრი არ აქვს, რძესა და ყველს ვერ შევინახავ. სად გავყიდი ყველს, თუ კლიენტი და ბაზარი არ იქნება? იძულებულებნი ვართ, ჩავაბაროთ. მყიდველებმა კი ფასის დაწევა გადაწყვიტეს”, – ამბობს ისპირიან ქრისტინე.
ნინოწმინდის ყველის მწარმოებლის არკადი ზალალიანის თქმით, ფასი შეამცირეს, რადგან ყველის საბაზრო ფასიც დაეცა. არკადი ზალალიანი რძეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან, სულდადან, ხოსპიოდან ყიდულობს და დღეში 3 ტონა რძეს ამუშავებს.
„რძის ფასმა შეიძლება კიდევ დაიკლოს, ყველიც არ იყიდება, ბაზარზე სტაგნაციაა. ბევრს აწარმოებენ და ცოტა იყიდება. ყველის ფასის მკვეთრ მატებას ელოდნენ და ამიტომ მოიმატა რაოდენობამ. მესმის, რომ ხალხი კმაყოფილი არ არის. არც მე ვარ კმაყოფილი, რადგან იძულებული ვარ ყველი იაფად გავყიდო“, – განმარტავს არკადი ზალალიანი.
წარმოება არ შეუწყვეტია და იმედოვნებს, რომ ფასი მოიმატებს.
„დაკლებულ ფასზე არავინ ამბობს უარს, მაგრამ უკმაყოფილონი იყვნენ. თუმცა უარის თქმაც მათი უფლებაა. თუ შევამჩნიე, რომ ყველის წარმოებას შედეგი არ აქვს, წარმოებას შევაჩერებ“, – აცხადებს არკადი ზალალიანი.
შპს „ალპიური ჯავახეთის“ დირექტორი სამველ დარბინიანი 1-ელი მაისიდან რძეს 1,40 ლარად ყიდულობს. რძეს სოფელ უჯმანას, თორიას, ეშტიას ფერმერებისგან იღებს.
„სოფლები ეშტია და უჯმანა 1,40 ლარად აბარებენ, სოფელი თორია ამ ფასს არ თანხმდება, მაგრამ მეტსაც ვერ გადავიხდი. 10 მაისამდე თორიელები უნდა დაფიქრდნენ და თავიანთი გადაწყვეტილება მითხრან”,- ამბობს სამველ დარბინიანი.
ფერმერების თქმით, ბაზარზე ყველის ფასი იმიტომ დაეცა, რომ ბაზარზე რძის ფხვნილით დამზადებული ბევრი ყველი გამოჩნდა. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია რეალობას, Jnews-მა ვერ დააზუსტა.
თბილისის სუპერმარკეტებში ყველი 19 ლარიდან 25 ლარამდე ღირდა, ამჟამად ფასი 15-13 ლარამდე დაეცა.