ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სახელმწიფო საძოვრებზე წვდომის“ პროგრამით ჯერ არავის აუღია მიწა. პროგრამის თანახმად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი ჰყავთ, შეუძლიათ საძოვრების სამი წლის ვადით დაიქირაონ.

პროგრამა „სახელმწიფო საძოვრებზე წვდომა“ 2021 წლის 6 ოქტომბრის მთავრობის N497 განკარგულების მიხედვით დაიწყო. პროგრამას აქვს სახელმწიფო საძოვრების რაციონალური გამოყენების, მეცხოველეობის სტიმულირების მიზნები. ერთი სული მსხვილფეხა პირუტყვისთვის დადგენილია არანაკლებ 1 ჰა ფართობი, ხოლო წვრილფეხა პირუტყვისთვის არანაკლებ 0,2 ჰა.

ახალქალაქის სახელმწიფო ქონების დეპარტამენტის უფროსი, თამაზ გვარამაძე ამბობს, რომ საძოვრების იჯარის თაობაზე განაცხადი მიწის რესურსებით სარგებლობის მონიტორინგისა და მდგრადი მართვის ეროვნულ სააგენტოს გაუგზავნეს, რადგან გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს.

„ყველა განცხადება, რაც გვქონდა, გავაგზავნეთ სააგენტოში, რომ კანონის შესაბამისად გასცენ ნებართვა, ჯერჯერობით სახელმწიფო საძოვრები იჯარით არავის აქვთ აღებული, სააგენტო შეისწავლის დოკუმენტებს და გადაწყვეტს, ვისზე გასცეს. გამოგვიგზავნიან და ამ ადამიანებთან გავაფორმებთ კონტრაქტებს. განმცხადებლები იყვნენ. ყველას ვუთხარით, რომ სააგენტოს დაუკავშირდნენ“, – თქვა თამაზ გვარამაძემ.

მისი თქმით, მთავრობის ამ დადგენილებამდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საძოვრების დაქირავება ვერავინ შეძლო.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებიდან ახალქალაქის სახელმწიფო ქონების დეპარტამენტმა საძოვრების იჯარით აღების ნებართვის მოპოვების 10-მდე განცხადება მიიღო.

რაც შეეხება ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე მდებარე საძოვრებს, მათი იჯარა არ შეჩერებულა. ჯავახეთის ეროვნული პარკიდან ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში 12-მდე საძოვარი იჯარით არის გაცემული. ეს იჯარები არ შეჩერებულა, მხოლოდ ერთ პირს იჯარის ვადა გაუვიდა.