გუშინ, 29 აპრილს გვიან ღამით, ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ. კლინიკაში 13 პაციენტი გადაიყვანეს, ორ მათგანს ოპერაცია დასჭირდა. დაშავებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან. ინფორმაციას ავრცელებს რეგიონალური პორტარი სამხრეთის კარიბჭე.

არსებული ინფორმაციით, ავარია მსუბუქმა მანქანამ გამოიწვია, რომელიც გზის მეორე მხარეს გადავიდა.

ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორის, დავით ბარაბაძის ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრში სხვადასხვა დაზიანებით 13 პაციენტი შეიყვანეს, ორს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა, რამდენიმე მათგანს ტვინის შერყევა ჰქონდა, ნაწილს კი ღია ჭრილობები აღენიშნებოდათ.

გვიან ღამის მონაცემებით, 13–დან ექვსმა პაციენტმა კლინიკა რამდენიმე საათში დატოვა.

“შემოყვანილ პაციენტებს შორის იყვნენ მცირეწლოვნებიც. პაციენტების მდგმარეობა სტაბილურია, ნაწილმა თვითნებურად დატოვა კლინიკა, ნაწილი რჩება ჩვენთან“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ დავით ბარაბაძე.

როგორც წერს sknews.ge შსს-მ გამოძიება სსკ-ს 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, აღნიშნული მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.