ალათუმანი-ბეჟანოს გზის რეაბილიტაციის გასაგრძელებლად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ კონკურსი გამოაცხადა. ამჟამად სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რისთვისაც 1 609 675 ლარია გამოყოფილი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ალათუმანი-ბეჟანოს გზაზე 2021 წელს დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს. იგი ორ ეტაპად ტარდება: პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, სოფელ ბეჟანოს დასაწყისამდე გზა დაგებულია, მეორე ეტაპი კი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაროლამდე, დაახლოებით 1,5 კმ გზაზე ასფალტის გაგრძელებას ითვალისწინებს.
პირველი ეტაპი როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და 1,872,711 ლარი (2020-225000 ლარი; 2021-1661102 ლარი) დაიხარჯა.
სამუშაოების მეორე ეტაპისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა და 1 609 675 ლარია გამოყოფილი. მეორე ეტაპი ორ წელიწადში დასრულდება.
განაცხადების მიღება 2023 წლის 4 მაისამდე გაგრძელდება.
სამუშაოების შესრულებისა და ჩაბარების შემდეგ საგარანტიო ვადა სამი წელია და ამ დროში ხარვეზების ან დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში, გამარჯვებულმა კომპანიამ მათ მოგვარებაზე უნდა იზრუნოს.