ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქართული ეკლესიის მრევლმა ახალქალაქის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ტერიტორიაზე იესო ქრისტეს აღდგომა იზეიმა.
ახალქალაქის მართლმადიდებლური ეკლესიის მორწმუნეებმა და სულიერმა წინამძღვრებმა ქრისტიანთა უმნიშვნელოვანესი დღესასწაულისთვის მზადება 15 აპრილის საღამოს დაიწყეს, შუაღამემდე იკითხებოდა ზიარების ლოცვა, შემდეგ კი აღდგომის ლოცვები დაიწყო. მსახურება ჯავახეთის ეპარქიის დეკანოზმა ალექსანდრე ქასრაშვილმა ჩაატარა.
2009 წლიდან ახალქალაქის მართლმადიდებელი მორწმუნეები აღდგომას ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ღია ტერიტორიაზე აღნიშნავენ, რადგან ტაძარი ძალიან პატარაა და მისული ხალხს ვერ იტევს. ამიტომ კარავს შლიან და დღესასწაულს ასე ხვდებიან.