რამდენიმე დღეა ახალქალაქში, ჯავახეთის ქუჩაზე, რომელიც 2020 წლიდან ნახევრად დანგრეულია, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და დარბინიანის ქუჩაზე ასფალტის ფენა მოხსნეს.
ჯავახეთის ქუჩაზე მუშაობა შედარებით თბილი ამინდების გამო დაიწყეს და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „ჯავახ ავტო გზის“ დირექტორის თქმით, მანამ იმუშავებენ, სანამ იმ კანალიზაციისა და წყალმომარაგების ხაზთან დაკავშირებით არ შეიქმნება პრობლემები, რომელიც გასულ წელს გაიყვანეს.
„სარემონტო სამუშაოები დაწყებულია. კანალიზაციისა და წყლის ხაზებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას არ ვცვლი. დავაკვირდებით მანქანა როგორ გაივლის, თუ მილები დაზიანებულია, პრობლემაც შეიქმნება. ამის გაკეთებას გვაიძულებენ და ვაკეთებთ. გაფუჭდება და გავჩერდებით. თუ ყველაფერი სწორად წავა, სამუშაოს სწრაფად, 3 თვის ვადაში, დავასრულებთ. ჯერ დრო გვაქვს“, – განმარტავს ნოდარ ინასარიძე.
ჯავახეთის ქუჩა ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის ფარგლებში ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა მოასფალტებულიყო. თუმცა ქუჩის რეაბილიტაციის დასაწყისისას აღმოჩნდა, რომ ჯავახეთის ქუჩის წყლის მილები ძველი იყო, ხოლო კანალიზაცია საერთოდ არ იყო გაყვანილი. ამიტომ სამუშაოები არ გაგრძელდა. 2021-2022 წლებში ქუჩის წყალმომარაგებასა და კანალიზაციაზე მუშაობდნენ. შემდეგ კი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ასფალტის საფარის შესაცვლელად ახალი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც “ჯავახ ავტო გზამ” გაიმარჯვა.
სამუშაოები 2022 წელს არ დაწყებულა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქუჩის დაგებაზე უარი განაცხადა, რადგან ამტკიცებდნენ, რომ წყლისა და კანალიზაციის მილები სათანადოდ არ გაიყვანეს.
საბოლოოდ, დეპარტამენტს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და მშენებელს შორის ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, საერთო დასკვნამდე მივიდნენ, დაიწყეს ასფალტზე მუშაობა, ხოლო მშენებლობისას წყალმომარაგების ან კანალიზაციის ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, პრობლემებს გამოასწორებს სწორედ ის სარეაბილიტაციო კომპანია, რომელიც ხაზებზე მუშაობდა. მანამ გამოსავალი იპოვეს, ზამთარი დადგა და ქუჩა ასფალტის გარეშე დარჩა.
ამ ხნის განმავლობაში ჯავახეთის გზასა და დარბინიანის ნაწილზე შექმნილი ვითარება უკმაყოფილებას იწვევს არა მხოლოდ ამ ქუჩების მცხოვრებლებში, არამედ უბრალო მძღოლებშიც, რომლებიც იძულებულნი არიან ამ გზაზე იმოძრაონ.