ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ბევრი სოფელია, რომლის მოსახლეობა მეცხოველეობით არის დაკავებული. ამ ადამიანების უმეტესობა რძეს მხოლოდ აბარებს, მაგრამ არ ამუშავებს. რატომ ურჩევნიათ რძის ჩაბარება და პირველად პროდუქტს რატომ არ ამუშავებენ – Jnews-ი ამ საკითხებთან დაკავშირებით ჯავახეთის სხვადასხვა სოფლის მეცხოველეებს ესაუბრა.
ძირითადად საზღვრისპირა სოფლებში მეცხოველეობით არიან დაკავებულნი, რადგან იქ სახნავი მიწა ნაკლებია, საძოვარი კი მეტი. მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების სოფლების მცხოვრებლები იმ რძის ფასით არ არიან კმაყოფილი, რომელსაც გადამამუშავებელ ქარხნებში ყიდიან, მაინც რძის ჩაბარება ურჩევნიათ.
ბოლო წლებში რძეზე ფასი გაიზარდა და ამჟამად 1,80 ლარი ღირს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალიდან გრიგორ ავეტისიანს 12 ძროხა ჰყავს. ლიტრ რძეს 1,80 ლარად აბარებს. მას მიაჩნია, რომ ეს ფასიც დაბალია, ლიტრი 2 ლარი მაინც ღირდეს რომ მოგება ნახონ.
„რძის დამოუკიდებლად გადამუშავება უფრო მომგებიანია. მაგრამ მერე რეალიზაციის პრობლემა ჩნდება. ადგილობრივ ყველს ბევრს ვერ გაყიდი, ამიტომ დიდ ქალაქებში უნდა წაიღო. მოგებას მაშინ ნახავ, როცა 1 კგ ყველს 18 ლარად გაყიდი, შრატს შეინახავ და შემდეგ პირუტყვს აჭმევ“, – ამბობს გრიგორ ავეტისიანი.
ეზეკ მარაბიანი მიიჩნევს, რომ რძის ფასი დაბალია, მაგრამ გადამუშავებაც დიდ თანხებს მოითხოვს.
“სოფელში ბუნებრივი აირი არ გვაქვს, ერთი ბალონი გაზია საჭირო ყველის დასამზადებლად, ავზის ასავსებად ქალაქში უნდა წახვიდე, რაც ძვირი ჯდება. რძის ჩაბარება ჩემთვის უფრო მომგებიანია”, – განმარტავს ეზეკ მარაბიანი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი გორელოვკა ერთ-ერთია იმ სოფლებს შორის, სადაც მოსახლეობა თავს მეცხოველეობით ირჩენს და რძესა და რძის ნაწარმს ყიდის.
მნაცაკან ბაბაჯანიანს სოფელ გორელოვკაში 10 ძროხა ჰყავს. მისი თქმით, მათი მოვლა ძვირი ჯდება, მაგრამ მისი გადამუშავებული პროდუქტის რეალიზაციის შესაძლებლობის არარსებობის გამო, მას 1,8 ლარად ყიდის.
გოჩა აბულაძეს 7 ძროხა ჰყავს. ბაზრების ძიებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს: „მარკეტი უნდა ნახო, მაგრამ უკვე დაკავებულია ისინი“.
სოფელ გელოვკაში ყველისა და რძის პროდუქტების 5-6 მწარმოებელია. მათთვის ქარხნებმა ადრეული გადახდის გზით ხელსაყრელი პირობები შექმნეს.
„ფულს წინასწარ ვიღებთ, ამიტომ მათზე ვართ დამოკიდებულნი. შესაძლოა თავად ვართ დამნაშავენი, მაგრამ სხვანაირად არ შეგვიძლია, ხან ოჯახში ვხდებით ავად, ხან კარტოფილს ვთესავთ, სასუქს ვყიდულობთ, ვკრეფთ. ფული ყოველთვის გვჭირდება, ზოგჯერ სამუშაოც არ გვაქვს. ერთ ვალს ვფარავთ, მეორეს ვიღებთ. თივასაც ყოველწლიურად ძვირდება, საძოვრები კი ძალიან ცოტა გვაქვს“, – ამბობს მკრტჩიანი შაქრო.
გურგენ ალვანჯიანს 12 ძროხა ჰყავს. რძის ჩაბარება არ სურს და თავად ცდილობს მის გადამუშავებას. სხვადასხვა მიზეზის გამო ბაზარში ყველის რეალიზაციის უფლება არ მისცეს.
ყველი 1 კგ 18 ლარი ღირს.
სოფლის ყველა მცხოვრები აცხადებს, რომ ყველის დამზადება უფრო მომგებიანია, ვიდრე მწარმოებლებისთვის მიყიდვა. მაგრამ ზოგი ბაზარს ვერ პოულობს, ზოგს გადამუშავება ძვირი უჯდება, რადგან ბუნებრივი აირი არ აქვს და სხვა მიზეზთა გამო რძეს აბარებს… რძის კერძო მყიდველები კი სეზონის მიხედვით რძეს 2-3 ლარად ყიდულობენ.