ახალქალაქის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებმა აკადემიური მოსწრებისთვის საჩუქრად კომპიუტერები მიიღეს.
პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში 2021-2022 წწ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების 31-მა წარჩინებულმა მოსწავლემ კომპიუტერები მიიღო. ინფორმაციას ახალქალაქის საკრებულოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ახალქალაქის საკერბულოს სხდომათა დარბაზში კომპიუტერების გადაცემის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელსაც მერი მელქონ მაკარიანი, საკერბულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი თერეზა ჩივჩიანი და სხვები ესწრებოდნენ.
კომპიუტერები მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასებში დამრგვალების გარეშე 10 ქულის მქონე მოსწავლეებს ეძლევათ. პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და კომპიუტერული პროგრამების სწავლებისას ცოდნის გაუმჯობესებაა.
2019-2020 სასწავლო წელს კომპიუტერი ახალქალაქის რეგიონის სკოლებში პროგრამის ფარგლებში 679-მა მოსწავლემ მიიღო, ხოლო ნინოწმინდის რაიონის სკოლებში 311-მა მოსწავლემ.
2021-2022 სასწავლო წელს კომპიუტერები ახალქალაქის რაიონის 636 და ნინოწმინდის რაიონის სკოლების 723 მოსწავლეს გადაეცა.
სახელმწიფო პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ საქართველოში 2010 წლიდან ფუნქციონირებს. თავდაპირველად სკოლების რამდენიმე მოსწავლემ მიიღო ნეტბუქი, 2011 წლიდან კი ნეტბუქები ყველა პირველკლასელის მერხზეა.
ნეტბუქები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამით არის დატვირთული: ქართული და უცხო ენები, მათემატიკა და ლოგიკა, სასკოლო და კლასგარეშე დამხმარე საშუალებები, საგანმანათლებლო თამაშები.