ნანო ჯაგაცპანიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარში დაიბადა. დაწყებითი განათლება სოფლის საშუალო სკოლაში მიიღო, ნინოწმინდის მუსიკალური სკოლაც დაამთავრა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ გადაწყვიტა სწავლა სამედიცინო მიმართულებით გაეგრძელებინა. უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა. ახლა კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კურსის ენდოკრინოლოგია.

ექიმობა ჯერ კიდევ მოსამზადებელ კურსზე გადაწყვიტა. სურდა ისეთი პროფესია აერჩია, რომელიც ხალხის დახმარების შესაძლებლობას მისცემდა. როგორც ყველა სომეხ სტუდენტს, ნანოსაც შეხვდა ენის ბარიერი. აღნიშნავს, რომ თანაკურსელებთან კომუნიკაცია როგორც ენის, ისე ინტეგრაციის პრობლემის დაძლევაში დაეხმარა.

nano 4

„წლებია მედიცინის სიყვარული და ინტერესი ძალას ყოველდღე მაძლევს და ასე ვუმკლავდები სირთულეებს. მოტივაციაა ის აზრიც, რომ რამდენიმე თვეში ჩემი ცოდნით ადამიანებს დავეხმარები. გადავწყვიტე იმ სპეციალიზაციას დავეუფლო, რომელიც ჩვენს რეგიონში მოთხოვნადია. სხვადასხვა კლინიკაში პრაქტიკისა და ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ენდოკრინოლოგია ავირჩიე“.

ნანო ჯაგაცპანიანი მიიჩნევს, რომ კარგი სპეციალისტები საქართველოს ყველა რეგიონში სჭირდებათ. იგი მზად იყო და მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ თავის მხარეში დაბრუნდებოდა და აქ იმუშავებდა. ფიქრობს, არასწორი სტერეოტიპის გამო ხალხი ფიქრობს, რომ რეგიონებში ხარისხიანად ვერ იმკურნალებენ.

„ჩემი აზრით, ეს ექიმისა და პაციენტის მისკომუნიკაციის შედეგია. დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ეს პრობლემა მოგვარდება და პაციენტები დედაქალაქში მხოლოდ ტექნოლოგიური გამოკვლევებისთვის ჩამოვლენ. მომავალ კოლეგებს ვურჩევ, წინასწარ არ შეაფასონ თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები, სირთულეებს არ შეუშინდნენ და გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდნენ, რადგან ამაზე ადამიანთა სიცოცხლეა დამოკიდებული. მოსახლეობამ კი, სიმპტომების ქონის შემთხვევაში, მიმართოს ექიმს, თვითმკურნალობა არ ჩაიტაროს და წამლები მეზობლის რჩევით არ მიიღოს”.

ნანომ სამედიცინო „ნათლობა“ კორონავირუსის პანდემიის ცხელ პერიოდში გაიარა. პანდემიამდე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, ხოლო ეპიდემიისას, პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალურ online-კლინიკაში მუშაობდა, სადაც Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდა და ვაქცინაციის პროცესში აქტიურად მონაწილეობდა. წამყვანი ექიმის პოზიცია ვაქცინაციის შემდგომი გართულებების მკურნალობისას დაიკავა.

nano 2

როდესაც ქვეყანაში პანდემიური მდგომარეობა დასტაბილურდა, ნანო სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს. წლის განმავლობაში სომხებით დასახლებული სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პაციენტებთან და ზოგიერთ ექიმთან კავშირს ინარჩუნებდა, ცდილობდა რეგიონში  სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით მაქსიმალური ინფორმაცია მიეღო, რათა შესაბამის ორგანოებს დაკავშირებოდა.

nano

თავისუფალ დროს საკუთარი თავით კავდება: სწავლობს ახალ ენებს, უყურებს ფილმებს, უკრავს ფორტეპიანოზე,  ესწრება სხვადასხვა კონფერენციებს და ახალგაზრდა კოლეგებს ცოდნას უზიარებს.

მედიცინა არც ნანოს ბავშვობის ოცნება ყოფილა და არც მშობლების სურვილი. მოსამზადებელ კურსზე ჟურნალისტობა სურდა, მაგრამ ერთ-ერთი ლექტორის რჩევა, რომ კარგი ექიმი გამოვიდოდა, მისთვის გადამწყვეტი გამოდგა.

nano 3

„სიმართლე გითხრათ, პირველი, მეორე და მესამე წელი ძალიან რთული იყო. დღის უმეტეს ნაწილს კითხვაში ვატარებდი, მაგრამ დრო გამოვნახე და ვცდილობდი სხვადასხვა პროგრამებსა და კონფერენციებში მიმეღო მონაწილეობა. ბოლო სამი წელი უფრო აქტიური და ადვილი გამოდგა, რადგან სახელმწიფო ენას უკვე კარგად ვფლობდი, მეტი თავისუფალი დრო მქონდა და გარეთ გასვლა, მეგობრების ნახვა ან ფილმების ყურება შემეძლო“.

nano 1

ნანო როგორც კი ერთ მიზანს სისრულეში მოიყვანს, მაშინვე მეორეს რეალიზაციისთვის იწყებს ბრძოლას. ჯერ კიდევ სტუდენტობისას საკუთარ კლინიკაზე ოცნებობდა, რომელსაც სახელი უკვე შეურჩია – NanoClinic.