თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დეპუტატისა და ლექტორის ნიკოლოზ სამხარაძის ლექციებზე დასწრებაზე უარს ამბობენ. ისინი უარყოფითად არიან განწყობილნი მოძრაობა „ხალხის ძალაუფლების“ მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის – „უცხოელი აგენტების შესახებ“ – მიმართ. პროტესტის ნიშნად სტუდენტებმა გაკვეთილების სიიდან საგანი „ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა“ ამოიღეს, რომელსაც სამხარაძე ასწავლიდა.
სამხარაძის ყოფილმა სტუდენტებმა გადაწყვეტილების გადახედვის წინადადებით მიმართეს და ღია წერილი გაუგზავნეს, მოქმედი სტუდენტები კი მის მიერ ნასწავლ საგანს შერჩეული საგნების სიიდან შლიან, რის შედეგადაც საგანი გაზაფხულის სემესტრში აღარ ისწავლება.
„პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე კანონპროექტი განიხილეს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ძირს უთხრის. სხდომას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ნიკოლოზ სამხარაძე უძღვებოდა. კანონპროექტისადმი მისი მხარდაჭერის გამო, მის ლექციებზე დასწრება ჩვენთვის მიუღებელია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები მის ლექციებში მონაწილეობაზე უარს ვამბობთ და ამავე ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა კრიტიკულ პოზიციას ვიზიარებთ“, – ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ყოველი უნივერსიტეტის სტუდენტებს მოუწოდებენ დასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლაში შეუერთდნენ და ხელისუფლებას რუსული გზისკენ სვლაში ხელი შეუშალონ.
იოანე მახარაძე თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტია. იგი ბოიკოტს შეუერთდა და თვლის, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ხელს შეუშლის, რაც მხოლოდ რუსეთისთვის არის მომგებიანი.
„მეორე კურსზე სამხარაძესთან ევროპოლოგიას ვსწავლობდი. „ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა“ წელსაც ავირჩიე, მაგრამ პირადი პატივისცემის მიუხედავად, უარი ვთქვი. რასაც ის აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შესვლას პირდაპირ ეწინააღმდეგება, განსაკუთრებით კი სტატუსის მოპოვებას. დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდების ხმა მნიშვნელობას შეიძენს, განსაკუთრებით ამ და სხვა პოლიტიკურ საკითხებში“, – ამბობს სტუდენტი მახარაძე.
აღნიშნავს, რომ ნიკოლოზ სამხარაძის ლექციები და მისი დღევანდელი ნაბიჯები საერთოდ არ ემთხვევა ერთმანეთს.
„ჩვენი ქვეყნისთვის ამ კანონის მიღება საერთაშორისო იმიჯის, უცხო ქვეყნებთან ურთიერთობის გაუარესებას, დემოკრატიის ინდექსის შემცირებას და ჰიბრიდული დემოკრატიული რეჟიმიდან სრულად ავტოკრატიულ რეჟიმზე გადასვლას ნიშნავს. იმ ახალგაზრდებს კი, რომელთაც პოლიტიკა არ აინტერესებთ, შემდეგს ვიტყვი: ამ დროისთვის პოლიტიკა არის ის სფერო, რომელიც ექსკლუზიურად ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას“, – განმარტავს იოანე მახარაძე.
თანაკურსელს ეთანხმება რიფსიმე პანჩოიანი, რომელიც ასევე საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია. მანაც მიატოვა “ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის” თემა, რადგან მიაჩნია, ამ ნაბიჯით ნიკოლოზ სამხარაძე აჩვენებს, რომ რაზეც მან ისაუბრა და რასაც ლექციებზე ასწავლის, სრული სიცრუეა და მის დღევანდელ ნაბიჯებს ეწინააღმდეგება.
„კანონპროექტი, რომელსაც პროფესორიც უჭერს მხარს, სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. ჩემი აზრით, იგი ჭკვიანი და პროფესიონალი ლექტორია, თავისი დარგის ექსპერტი, მაგრამ, როგორც ჩანს, ლექციებზე, როცა მედიის, სიტყვის თავისუფლებას და ევროინტეგრაციის პროცესებს ეხება, თავის რეალურ დამოკიდებულას არ გამოთქვამს“, – აცხადებს რიფსიმე.
როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი, რიფსიმე ამ კანონპროექტს ქვეყნის თვითმკვლელობად მიიჩნევს. თვლის, რომ წლების განმავლობაში თუნდაც სტატუსის მოსაპოვებლად გადადგმული ნაბიჯები, უშედეგო იქნება.
ნიკოლოზ სამხარაძემ კი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
”შევხვდები ჩემს სტუდენტებს და დაველაპარაკები მათ ისე, როგორც ადრე ვისაუბრეთ და ძალიან ღრმად ჩავხედავ მათ თვალებში.”
ნიკოლოზ სამხარაძე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყოფილმა სტუდენტებმა ნიკოლოზ სამხარაძეს წერილიც გაუგზავნეს და „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერაზე უარის თქმა მოსთხოვა. წერილის შეგიძლიათ ბმულზე გაეცნოთ.