3 მარტის ღამეს ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში 58 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც 2 მარტს ახალქალაქი-ნინოწმინდის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდა და მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი გამოდგა.
როგორც ადგილობრივმა რადიო NOR-მა გვაცნობა, შემთხვევა ახალქალაქი-ნინოწმინდის გზაზე 2 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა. 1965 წელს დაბადებული ქალბატონი 16:00 საათისთვის ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 3 მარტის 03:30 საათამდე ექიმები კვლავ მის გადარჩენას ცდილობდნენ, თბილისიდან რეანიმობილიც გამოიძახეს, მაგრამ მისული ჯგუფი პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურებას არ დაელოდა და სასწრაფოდ წაიყვანეს.
„საავადმყოფოში პაციენტი გადმოიყვანეს, რომელიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო და ტრავმული შოკი მიიღო: თავის ტვინის დაზიანება, მარცხენა ქვედა კიდურის შიდა ტრავმული ამპუტაცია. დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. სიკვდილამდე გული ორჯერ გაუჩერდა და გადარჩენა ვერ შეძლეს“, – განმარტავს ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი ალექსან თოროიანი.
კიდევ რამდენი პაციენტი გადაიყვანეს რომელ საავადმყოფოებში და რა მდგომარეობაში არიან ისინი, Jnews-სთვის უცნობია.
ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით აღიძრა, რომელიც „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“ გულისხმობს. ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელი კონკრეტული პუნქტით გაგრძელდება გამოძიება.