18 თებერვალს შუადღისას აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მაღაზია “ოჯახთან” Opel და Mercedes მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ერთი მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე დაზიანებები არ მიუღია. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.
სასწრაფო დახმარების მანქანა შემთხვევის ადგილზე დროულად მივიდა. ექიმებმა შეჯახებული მანქანების მგზავრები და მძღოლები გასინჯეს. სოფელ გოდოლარიდან ქალბატონი ა.ა სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან გულმკერდის არეში ტკივილს უჩიოდა.
ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების თქმით, ქალს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
„ნეკნებში ტკივილი და არტერიული წნევა აქვს, პულსი და მუცლის არე კი ნორმალურია. ის 2-3 საათის განმავლობაში დარჩება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და თუ ახალი სიმპტომები არ გამოვლინდება, სახლში წასვლის უფლებას მისცემენ“, – განმარტავენ ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში.
შეჯახებისას მერსედესის მარკის ავტომობილი აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრაობდა, ხოლო ოპელი აღმალიანის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩისკენ უხვევდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მმართველი პირის მიერ უსაფრთხო ტრანსპორტის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.