ახალქალაქის მერია ქალაქსა და სოფლებში კონტროლს აძლიერებს და 35 ვიდეოკამერას საჯარო საკუთრებაში მყოფ ადგილებში განათავსებს.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ახალქალაქის ბიუჯეტიდან 25 500 ლარი კამერების შეძენისა და დამონტაჟებისთვის გამოყო.

მერმა მელქონ მაკარიანმა Jnews-ს აცნობა, რომ კამერების დაყენების სურვილი მერიამ გამოთქვა.

რადგან რეგიონში წლიდან წლამდე პარკების, გამწვანებული ადგილების, სასწავლო ადგილების რაოდენობა იზრდება, მერიამ ქალაქსა და სოფლებში კამერების დამონტაჟების ინიციატივა გამოთქვა“, – განმარტა მერმა.

კამერები დამონტაჟდება იმ სოფლებში, სადაც ნაგვის ურნებია, რადგან მათ ხშირად აზიანებენ.

„იხტილიდან სოფელ ბეჟანომდე გზის მონაკვეთზე დამონტაჟებული სანაგვე ურნები დამტვრეულია. საქმეს პოლიცია იძიებს, თუმცა ვერაფრის გარკვევას ვერ ახერხებენ. ჩვენი ქონების შესანარჩუნებლად, კამერებს ყველგან განვათავსებთ, რათა მდგომარეობა ვაკონტროლოთ“, – დაამატა მერმა მელქონ მაკარიანმა.

მისივე თქმით, რომელ სოფელში რამდენი კამერა დამონტაჟდება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მერია სოფლების წარმომადგენლებს შეხვდება, საკითხს განიხილავენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე დამონტაჟებული კამერების მონიტორინგს მერია განახორციელებს.

„რადგან მუნიციპალური ხარჯებით ბევრი კამერა დაამონტაჟეს, ახლა ამ საკითხს მერია მოაგვარებს და პასუხისმგებელნიც ჩვენ ვიქნებით. თუ ქალაქში ხდება ინციდენტი და პოლიცია ინტერესდება, მაშინ ჩვენი და რაიონის წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, არც ერთი კამერა არ გაიხსნება“, – განაცხადა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.

უახლოეს მომავალში კამერების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება.