პროექტის “ახალქალაქის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური განვითარება ინფორმაციის საშუალებით” ფარგლებში, ორგანიზაცია “ღია საზღვრები” (Jnews) მოსახლეობის ინფორმირებისთვის ახალქალაქში არსებული სერვისებით, პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის ადვოკატირებისთვის შეხვედრებს მართავს.
23 თებერვალს პროექტების ფარგლებში პირველი შეხვედრა სოფელ ხავეთსა და ერინჯაში შედგა.
პროექტის ფარგლებში ზოგადად შეისწავლიან სოფლების მდგომარეობას, რის შემდეგაც შეირჩევა ის კონკრეტული სოფლები, რომელთაც ყველაზე მეტი პრობლემა აქვთ.
ერთის მხრივ, სოფლის მოსახლეობა ინფორმირებულია, რათა სხვადასხვა სერვისით ისარგებლონ, მეორე მხრივ კი სოფლის პრობლემებია იდენტიფიცირებული. კონკრეტული საკითხების გადაჭრაზე მუშაობენ.
სოფელ ხავეთში შეხვედრა სარიტუალო დარბაზის შენობაში შედგა და დაახლოებით 15 ადამიანი ესწრებოდა. თავიდან აუდიტორიამ პროცესის მიმართ გულგრილობა გამოიჩინა.
თუმცა სხვადასხვა თემების განხილვისას მონაწილეები დაინტერესდნენ, დისკუსიაში ჩაერთნენ, დასვეს ბევრი კითხვა და მიიღეს პასუხები ან მიმართულებები, თუ როგორ უნდა მოაგვარონ კონკრეტული პრობლემები.
სოფელ ხავეთში საინფორმაციო შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზღვრების“ დირექტორი და ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი რიმა ღარიბიანი მართავდნენ. ისაუბრეს ყველა იმ სამთავრობო პროგრამასა თუ სერვისზე, რომელიც ამჟამად ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქტუალურია. შეეხნენ სოციალური დახმარების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, მიწის რეგისტრაციის, იუსტიციის სახლის სერვისებისა და სხვა სსაკითხებს.
შეხვედრაზე ორმაგი მოქალაქეობის მიღებით, 2018 წლამდე დაკარგულთა მოქალაქეობის აღდგენით, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემებით, სოციალურად დაუცველთათვის დახმარებებით და პასუხისმგებელი პირებით დაინტერესდნენ.
შეხვედრას ხავეთის, ერინჯას, დავნიას ტერიტორიული ოლქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჰრაჩ მოვსესიანი ესწრებოდა. მისი თქმით, ის ამ სოფლების ყველა პრობლემას კარგად იცნობს, ყოველ შეხვედრაზე ადგილობრივ ხელისუფლებას აწვდის ინფორმაციას და იმედოვნებს, რომ საბოლოოდ მოგვარდება.
ხავეთელებმა სოფლის ყველა პრობლემაზე ისაუბრეს, უჩიოდნენ, რომ მათი სოფელი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან იგნორირებულია. ისინი ძალიან შეშფოთებულნი არიან სოფლის გზის რეაბილიტაციით, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
ხავეთში დაახლოებით 300 ადამიანი ცხოვრობს. შეხვედრის მონაწილეების თქმით, ყველა სხვა პრობლემა ცუდ გზას უკავშირდება. იმედოვნებენ, გზის საკითხით მოგვარებით, დანარჩენები პრობლემებიც ავტომატურად მოგვარდება. სოფელში ახალგაზრდების გასართობი ადგილი არ აქვთ. სოფლის მოსახლეობა ჩიოდა, რომ მათ სოფელში 16-მდე ბავშვი სკოლამდელ განათლებას მოკლებულია, რადგან სოფელში საბავშვო ბაღი არ არის და ბავშვები სხვა ბაღებში ვერ გადაჰყავთ.
მეორე შეხვედრა სოფელ ერინჯაში შედგა, რომელიც ხავეთზე პატარაა და აქ სულ 10 ოჯახი ცხოვრობს. ერინჯაში შეხვედრა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ჰრაჩ მოვსესიანის სახლში გაიმართა, რადგან სოფელში არ არის ადგილი, სადაც შეხვედრის მოწყობას შეძლებდნენ. მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეკითხვები არ დასმულა. მოსახლეობა სასუქებისა და საკვების სიძვირით, ორმაგი მოქალაქეობის მიღებისა და აღდგენის საკითხებით დაინტერესდა.
მსგავსი შეხვედრები სხვა სოფლებშიც გაიმართება.