უკვე ორი თვეა მთიანი ყარაბაღის 120 000 სომეხი გარე სამყაროსგან იზოლირებულად ცხოვრობს. სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ჩაკეტილია. ადამიანებს პროდუქტები და მედიკამენტები სჭირდებათ, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგიაც არ მიეწოდებათ მუდმივად.
დაკეტილი გზის გამო ყარაბაღი ჰუმანიტარულ კრიზისშია. Jnews-ი იქ მცხოვრებ ყარიბიანების ოჯახს დაუკავშირდა და მათი ცხოვრების პირობები შეისწავლა.
ყარიბიანების ოჯახი ქალაქ მარტაკერტში ცხოვრობს, 44-დღიანმა ომმა და თითქმის ორთვიანმა ბლოკადამ მათ ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. ოჯახი ორ ნაწილად გაიყო, 64 წლის სონა ბებია, რომელიც საცხოვრებლის დატოვებაზე უარს ამბობს და დედა-შვილთან ერთად ყარაბაღში იმყოფება, და ვაჟი, რომელიც მეუღლესთან და 6 შვილთან ერთად სომხეთში დარჩა.
ჩვენი თანამოსაუბრე პარალელებს 1990-იან წლებთან ავლებს, როდესაც არც გაზი ჰქონდათ და არც ელექტროენერგია და ხშირად შიმშილობდნენ. ამჟამად საკვები შეზღუდულად მიეწოდებათ და მაღაზიებში ტალონების სისტემაა დანერგილი.
„საჭმელს ტალონებით, შეზღუდული რაოდენობით ვიღებთ. მაღაზიებში რიგებში ვდგავართ, ბოსტნეული და ხილი თითქმის არ იყიდება, მხოლოდ წიწიბურა, ოსპი, მცენარეული ზეთი გვაქვს. ერთ ადამიანს თვეში ნახევარ კილოგრამს და ერთ ზეთს კვიტანციის ჩვენების შემდეგ აძლევენ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მრავალშვილიანი ოჯახები არიან; საკვები მხოლოდ არსებობისთვის ჰყოფნით“, – ჰყვება სონა ყარიბიანი და აღნიშნავს, რომ ბაზრები ნახევრად ცარიელია, ძირითადად ადგილობრივი ბროწეული და მწვანილი იყიდება.
ერთადერთი გაზსადენი აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადის და ისინი გაზს როცა სურთ მაშინ თიშავენ. ერთადერთი გადამცემი ხაზიც აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშაა, ამიტომ ღარაბაღი ელექტროენერგიას სომხეთიდან არ იღებს. მის მიწოდებას თან მოძრავი გამორთვა ახლავს, რომლის მიზანიც არსებული რესურსების შენარჩუნებაა.
ბლოკადაში დარჩენილებმა გამოსავალი იპოვეს – შეშით თბებიან, აღარ ჩივიან, რადგან სახლებში არიან.
„სიტუაცია უფრო რთულია იმ ოჯახებში, სადაც ახალშობილი ბავშვები ჰყავთ“, – განმარტავს ჩვენი თანამოსაუბრე.
მიუხედავად სირთულეებისა, სონა ყარიბიანს წასვლაზე არასოდეს უფიქრია. ამბობს, რომ მისი შვილი აქ 90-იან წლებში ომის დროს დაიღუპა.
„არ მაქვს უფლება დავტოვო ეს მიწა. ეს ჩემი სამშობლოა, სხვაგან წასასვლელი არსად მაქვს. მართალია შიში, გაურკვევლობაა, ღამე ხვალინდელ დღეზე ფიქრით ვიძინებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ გზა გაიხსნება, აქედან წავალ“, – ირწმუნება იგი.
მისი მეორე ვაჟი, რომელიც ჯარისკაცი იყო, ახლა სომხეთში არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ჩვენი თანამოსაუბრე აღნიშნავს, რომ მისი შვილი გზის გახსნას ელოდება, რათა ოჯახთან ერთად დაბრუნდეს. ახლა ისინი სომხეთში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ.
„არცახისა და სომხეთისთვის რთული დროა, მტერი ჩვენი ისტორიული სამშობლოს ხელში ჩაგდებას ყველანაირად ცდილობს. თუმცა ჩვენს მიწაზე მტკიცედ ვდგავართ, მისთვის დაიღვარა ჩვენი შვილების სისხლი და აქ ბოლომდე დავრჩებით“, – აცხადებს სონა ღარიბიანი.
2022 წლის 12 დეკემბრიდან აზერბაიჯანელების ჯგუფმა, რომლებიც საკუთარ თავს „ეკოაქტივისტებს“ უწოდებს, ლაჩინის დერეფანი გადაკეტა. ეს ღარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა. თითქმის ორი თვეა შესვლის უფლება მხოლოდ წითელ ჯვარსა და რუს სამშვიდობოებს აქვთ.
გორის-სტეფანაკერტის გზატკეცილით სომხეთიდან, გზის ჩაკეტვამდე, თვეში დაახლოებით 12 ათასი ტონა საკვები მიეწოდებოდათ, ახლა კი რეგულარული მიწოდება შეჩერებულია. საკვები ყარაბაღში მხოლოდ წითელი ჯვრის და რუსი სამშვიდობოების წყალობით შედის.