25 იანვარს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის Jnews-ის ოფისში გამართული ტრენინგი, ინფორმაციის ნაკადიდან მნიშვნელოვანი და საჭირო ფაქტების გამოვლენასა და დეზინფორმაციას შეეხო.
ტრენინგს ქალაქ ახალქალაქის და მუნიციპალიტეტის სკოლების, სხვადასხვა ასაკის 20 მოსწავლე ესწრებოდა. მათთვის ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზღვრების“ დირექტორმა და ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორმა რიმა ღარიბიანმა ჩაატარა. ტრენინგის დროს ბავშვებმა თამაშების და პრაქტიკული დავალებების გამოყენებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის დეზინფორმაცაგან გადარჩევის საშუალებები და კომენტარებიდან მთავარი აზრის ამოცნობა შეისწავლეს. ისინი ჟურნალისტის სამუშაოსაც გაეცნენ და ინფორმაციის სიზუსტის, მოქალაქეობრივი ჟურნალისტიკისა და მათი როლის მნიშვნელობა გაითავისეს.
პროექტი „დეზინფორმაციასთან ბრძოლა ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების ამაღლებით“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის აქტიური ახალგაზრდების შეკრებას, მათთვის მედიაწიგნიერების, დეზინფორმაციის შესახებ ადგილობრივი და მოწვეული ტრენერების მონაწილეობით შეხვედრების გამართვას გულისხმობს, რათა ახალგაზრდებმა შესაბამისი ინფორმაცია მიიღონ და ამ საკითხებზე პრაქტიკული ცოდნა ჰქონდეთ, რათა მიღებული ინფორმაცია თანასოფლელებს მიაწოდონ და სოციალური ქსელების მეშვეობით დეზინფორმაციის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია წამოიწყონ.
პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ტრენინგი, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის (CIPDD) ინიციატივითა და ნიდერლანდების საელჩოს (ჰოლანდია) დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი 3 თვიანია და თებერვლის ჩათვლით გრძელდება. მის ფარგლებში 5 ტრენინგი ადგილობრივი და თბილისიდან მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდება. “დეზინფორმაციასთან ბრძოლა ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების ამაღლებით” პროექტს ახალქალაქში ჟურნალისტი გაიანე აკოჯიანი ხელმძღვანელობს. პროექტი პროგრამის “კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტის (CIPDD)” ფარგლებში “სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების საზოგადოებრივ და სამოქალაქო საქმიანობაში ჩართვის“ სახელწოდებით შეირჩა.